რეზონანსი
30.06.2022

ვინმეს სჯერა, რომ ტექნიკური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ხელს შეუწყობს საქართველოში იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც გვთავაზობენ?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა.

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესახებ საუბრისას უმრავლესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, „ქართული ოცნება" ოპოზიციურ სპექტრთან მუშაობასა და თანამშრომლობას აპირებს, თუმცა, აღნიშნული პროცესის დაწყებას ხელს ოპოზიცია უშლის.

„ოპოზიცია სამწუხაროდ ეცდება, ხელი შეუშალოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანამ წარმატებას ვერ მიაღწიოს ამ მიმართულებით. ეს იქნება პოლარიზების ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. რაც უფრო ღრმად მიდის პოლარიზების ხარისხი ერთ მხარეს, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ზოგადად, პოლარიზების ხარისხი გაიზარდოს, ამას აკეთებენ რეალურად.

ვინმეს სჯერა, რომ ტექნიკური მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში, ხელს შეუწყობს საქართველოში იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც გვთავაზობენ?! - დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით გვაქვს მოსაზრება და ვვარაუდობთ, რომ ოპოზიცია შეეცდება ამ კუთხით გაშალოს უფრო დიდი ფრონტი, რომ გაიზარდოს პოლარიზების ხარისხი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ოპოზიციას ვერ დაველაპარაკებით ან მუშაობის რესურსი არ გვაქვს. ასე არ არის! ვაპირებთ მუშაობას და მოვუწოდებთ, რომ ოპოზიციამაც იმუშაოს. ოპოზიციისგან არის ამაზე ხელშეშლა", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიღწევადია და იგი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანა ამ სტატუსს დეკემბრის თვეში მიიღებს.

„კანდიდატობამდე ერთი ხელის გაწვდენა არის დარჩენილი, ამის მჯერა და არც ვუშვებ მოსაზრებას, რომ ეს შეიძლება არ მოხდეს ან უსამართლო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. რეალურად, საქართველოსთვის ეს მიღწევადია. ობიექტურად, თუკი მიიღო მოლდოვამ და უკრაინამ, საქართველოს აქამდეც შეეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მით უმეტეს ექნება შესაძლებლობა, რომ დეკემბერში მიიღოს ეს სტატუსი", - აღნიშნა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×