რეზონანსი
01.07.2022

ექსპერტი გიგა ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გუშინ, აშშ-ის საელჩოში ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების" წევრს, ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარი ჩხუბით ხელისუფლებამ ქვეყანაში განუკითხაობა დათესა.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" აღნიშნა, ეს არის კანონს მიღმა ქმედებების სტიმულირება იმ ხალხის მხრიდან, რომლის მოვალეობა ამის აღკვეთაა.

„თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ყოფილიყო, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე შეგიძლია ადამიანი სცემო, ეს წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ეს არის განუკითხაობის დათესვა ქვეყანაში, რადგან ნებისმიერი ადამიანს, თუ ვინმეს ცემა უნდა, შეუძლია თქვას, რომ შემაგინაო, მერე მიდი და ამოწმე, რეალურად შეაგინა თუ არა. აქედან გამომდინარე, ეს არის კანონს მიღმა ქმედებების სტიმულირება იმ ხალხის მხრიდან, რომლის მოვალეობა ამის აღკვეთაა. ასე რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი",-განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ძალადობას ახალისებს.

„ეს არის ძალადობის წახალისება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ხელისუფლება ახალისებს ძალადობას, ეს შეიძლება ორლესული მახვილი აღმოჩნდეს საბოლოოდ. იგივე ოპოზიციონერებსაც შეუძლიათ თქვან, რომ ოხანაშვილმა ან კობახიძემ შეგვაგინა და კობახიძე წიხლქვეშ გაიგდონ, მერე რას იტყვის ერთი ძალიან მაინტერესებს. ამტკიცოს მერე, რომ არ შეუგინებია, ტრაგიკომიკურად გამოიყურება. ოხანაშვილი კაცობის, თუნდაც ქართული ვაჟკაცური კაცობის ეტალონად ნამდვილად არ გამოდგება. ოხანაშვილი რომელი ვაჟკაცი მყავს. ახლა ის გამოჰყავთ ვაჟკაცობის ეტალონად, რომ თავი ვერ შეიკავა და ა.შ. სრული აბსურდია",-განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ის აცხადებს, „ხელისუფლება ახლა აფექტის მდგომარეობაშია" და ამიტომ, სრული საბრძოლო მზადყოფნა, მობილიზაცია გამოაცხადა.

„ეს არის გზავნილი, რომ ხელისუფლება კუნთებზე იყურება. რა დეპოლარიზაცია, მთელი მათი არსებობის განმავლობაში სიძულვილზე, ბოღმაზე და დაპირისპირებაზეა ყველაფერი აგებული პოლიტიკურ პროცესში. დღეს გამოვიდა კობახიძე და დეპოლარიზაციაზე ისაუბრა, რომელ დეპოლარიზაციაზეა საუბარი. მათ დეპოლარიზაცია იცით რა ჰგონიათ? ყველამ რომ თავი დახაროს, არავინ გააკრიტიკოს და რომ ილოცებენ ბიძინასა და კობახიძეზე, სხვა ფორმულა მათ არ იციან და არ ესმით",-განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, მან ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „ოლიგარქის ცნების ქვეშ ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება". ხუხაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს ტექნიკურად ძირავს.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ კობახიძე ბიძინას ტექნიკურად ბიძინას და ბოლომდე ანადგურებს. ამას აკეთებს ვითომ მისი გულშემატკივრის პოზიციიდან. კობახიძემ სპეციალურად ხაზგასმით თქვა, ბიძინა ივანიშვილი დეოლიგარქიზაციის კანონის ქვემდებარე არ არის იმიტომ, რომ ფული კი აქვს, მაგრამ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არ იყენებსო. მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შეთანხმებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელიუფლებას აკონტროლებს. ვითომ ბიძინასთან ალიბის შესაქმნელად, მაგრამ სინამდვლეში, ბიძინას დაადო ხელი, რომ ოლიგარქიაო",-აცხადებს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების დღევანდელ შეთავაზებას, გიგა ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკებისთვის ნდობა არ არსებობს.

მისი თქმით, დღეს ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა.

„კობახიძესთან მაგიდაზე დაჯდომა არანაირი მექანიზმი არ არის. ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შეთანხმებულია, რომ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. მხოლოდ მის ნებას შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი ნორმალური განვითარების რელსებზე გადაყვანა. რა ჯგუფიც არ უნდა შეიქმნას, ამ ჯგუფში უნდა იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გარანტიების გაცემა. თუ პირადად მას დაეკისრა პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, არის შანსი, რომ შეთანხმება შესრულდეს, თორემ კობახიძე ახლა რასაც არ უნდა დაგვპირდეს, ბიძინა მაინც "გადაგვაგდებს",-განაცხადა ხუხაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×