რეზონანსი
01.07.2022

პოლიტიკოსი გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს. როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განმარტა, მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის სტრატეგიული მიზანი, რაც ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, რომელთა ევროინტეგრაციისკენ მისწრაფება არის გამოხატული და ცალსახა.

„ჩემი ღრმა რწმენით, ის რიტორიკა, რაც ახლა ისმის, არის მცდარი. ჩემი აზრით, ის შეთავაზება, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, მიღებული უნდა იყოს, შესაძლოა, დაითქვას პირობები. მე, მაგალითად, როგორც ამომრჩეველს მაინტერესებს დავინახო ეს პროცესი და ამ პროცესში მომავალი არჩევნებისთვის უფრო მყარი პოზიცია მქონდეს, რომ ამ მხარეს დავუჭირო მხარი თუ სხვას. დღეს ვინც მაგიდასთან არ ჯდება, ვინც ულტიმატუმს აყენებს, ჩემს ნდობას არ იმსახურებს იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მეუბნება, ევროპა მინდა, ხოლო მეორე მხრივ, დიალოგზე უარს ამბობს", - განაცხადა აგულაშვილმა.

გარდა ამისა, მან გუშინ, აშშ-ის საელჩოში ტელეკომპანია „პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების" წევრს, ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა.

„ეს იყო ძალიან ცუდი და აღმაშფოთებელი ფაქტი, დაუშვებელი რამ მოხდა. თვითონ ფაქტია ისეთი, რომელიც არ შეიძლება გამართლდეს, შეუძლებელია გამართლდეს აშშ-ის დღესასწაულზე, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ასეთი ფაქტი",-აღნიშნა აგულაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება" ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით, ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×