რეზონანსი
02.07.2022

თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის 1 ივლისიდან ბუნებრი აირი გაძვირდა. კერძოდ, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 25 თეთრით გაიზარდა და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი 1.35 ლარი გახდა, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზარდა. შესაბამისად კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში მიმდინარე თვიდან 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

მართალია კომერციული გაზის ტარიფი გაიზარდა, მაგრამ სემეკის თავმჯდომარე წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის ბაზარზე სამომხმარებლო ტარიფების კორექტირების საფუძველს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. დავით ნარმანიამ რედაქტ2-ში საუბრისას განმარტა, რომ მარეგულირებელი უკვე მომავალ თვეში ელოდება გამანაწილებელი კომპანიების სატარიფო განაცხადს, რომლის განხილვისთვის სემეკს 6 თვიანი ვადა აქვს. შესაბამისად, ბიზნესის შემდეგ უკვე მოქალაქეებს მოუწევს თუ არა ბუნებრივ აირში გაზრდილი ფასის გადახდა, ამას მარეგულირებელი კომისია დეკემბრის ბოლოს დაადგენს.

„სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის, ჩვენ დადგენილი გვაქვს მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაბამისად დეკემბერში შემდგომი 3 წლისთვის უნდა დადგინდეს ახალი ტარიფები, თუმცა ამ გადმოსახედიდან ამ გაცვლითი კურსის პირობებში ტარიფების რაიმე სახის ზრდის საფუძველი არ არის. შესაბამისად თუ ეს პარამეტრები შენარჩუნდა წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდას მარეგულირებელი კომისია არ გეგმავს.

გარკვეული კორექტირება რა თქმა უნდა იქნება. ეს ყოველთვის ხდება იგივე ვალუტის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, ჩადებული ინვესტიციებიდან გამომდინარე, მოხმარებული და დაპროგნოზებული ბუნებრივი აირის მოცულობიდან გამომდინარე, თუმცა ამ პარამეტრების წინასწარი ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ტარიფების ზრდის საფუძველი ბუნებრივი გაზის სექტორში არ არსებობს.

ივლისის თვეში ჩვენ მოგვმართავენ გამანაწილებელი კომპანიები. ისინი წარმოადგენენ სატარიფო განაცხადს დადგენილი წესით. ჩვენ დავიწყებთ საჯარო-ადმინისტრაციულ წარმოებას. 6 თვის ვადაში უნდა დადგინდეს ტარიფები, შესაბამისად დეკემბრის ბოლოსკენ მოხდება ახალი სამომხმარებლო ტარიფის დადგენა,"-განმარტავს ნარმანია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×