რეზონანსი
05.07.2022

მარიუპოლში დატყვევებული "აზოვის" მეთაურები რუსეთის ტერიტორიაზე არიან დაკავებული.  რუსული მედიის ცნობით, საუბარია პოლკის მეთაურ დენის პროკოპენკოსა და მის მოადგილე სვიატოსლავ პალამარზე. საუბარია, რომ უკრაინელი მებრძოლები გადაყვანილი არიან ერთ-ერთ სპეცობიექტზე, მაგრამ არა ლეფორტოვოში, როგორც ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

29 ივნისს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ 2 აგვისტოსთვის გადადო გენერალური პროკურატურის სარჩელის განხილვა უკრაინის ეროვნული ბატალიონის "აზოვის" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფი 2439 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის პოლკის მეთაური დენის პროკოპენკოც, 2022 წლის 20 მაისს "ტყვედ ჩაბარდნენ".  ამ პროცესს ოფიციალური კიევი ევაკუაციის ოპერაციას უწოდებს, რომელიც ადგილობრივი გარნიზონის გადარჩენის მიზნით ჩატარდა.

უკრაინა სამხედროების გაცვლის მოლოდინშია და აცხადებენ, რომ პროცესში გარანტორად საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. გაცვლის შესაძლებლობას ბოლომდე არ გამორიცხავს რუსული მხარეც, თუმცა დრო და დრო ჩნდება მოთხოვნები, რომ უკრაინელი მებრძოლები სამხედრო ტრიბუნალის მეშვეობით უნდა დაისაჯონ. იმ დანაშაულებისთვის, რაც რუსეთის მტკიცებით, დონეცკის რეგიონში და მარიუპოლში აქვთ ჩადენილი.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12-ე ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად სავარაუდოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან, მათი ნაწილი, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი,რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცოტა ხნის წინ გაცვალეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×