რეზონანსი
07.07.2022

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა.

ზაზა შათირიშვილის განმარტებით, ბოლომდეა დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური, თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს.

„ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. ამ კაცს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა. ლოგიკას რომ გავყვეთ, სრულიად გაუგებარია, სხვა რა უნდა უნდოდეთ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილისგან, რისთვის შეიძლება უნდოდეთ პოლიტიკაში მისი შემობრუნება ან მმართველ გუნდზე მისი ზემოქმედება.

თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია იმდენად აბსურდულია, რომ მას ვერც ევროპულმა კომისიამ და ვერც ევროპულმა საბჭომ ვერ გაუწია ვერავითარი ანგარიში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რეზოლუციამ თავისი მისია მაინც შეასრულა და ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედი არაფორმალური სანქციების ნახევრად გაფორმალურების დოკუმენტურ საფუძვლად იქცა.

მე მგონია, ივანიშვილმა უკვე სრულად გაიაზრა ის, რასაც ამდენი ხანია, ვამტკიცებ. ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ - ერთი მხრივ, ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად მაღალ დონეზეა კოორდინირებული ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც რუსეთისთვის მდგომარეობის გართულებას და უკრაინაში სამხედრო უპირატესობის დაკარგვას ისახავს მიზნად. „სტრატეგიული პარტნიორის" მიერ განსაზღვრული ამ „დიადი მიზნისთვის" საქართველო საახალწლოდ დასაკლავად გამზადებული ინდაურივით უნდა გაიწიროს. როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატო-ში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატო-სა და ოდეკაბეს შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას ივანიშვილის პატრიოტიზმთან დაკავშირებით. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს. საქართველოს ყველა პატრიოტი მას ამ საქმეში გვერდში უნდა დაუდგეს. ამხელა ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხოლოდ პატრიოტული ერთიანობით გადავარჩენთ", - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი", რომელიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან დავაში, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში ბანკის მხრიდან დარღვევებზე. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რიგი გარემოებები ივანიშვილს აძლევს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×