რეზონანსი
07.07.2022

30 ივნისს თიბისის ინიციატივით პროექტ “500 ქალი ტექნოლოგიების” მონაწილეებისთვის კარიერული ბუთქემფი ჩატარდა. შეხვედრას თიბისის IT აკადემიის კოორდინატორი, ზურაბ პერტაია და IT ტალანტების მართვის მენეჯერი ირინე მაჭავარიანი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მათ პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია თიბისიში დასაქმებაზე, შიდა პროცედურებებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. მათ ასევე განიხილეს IT აკადემიის პროგრამები, კურსებზე მიღების წინაპირობები, დასაქმების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.

პროექტი „500 ქალი ტექნოლოგიებში“ 2022 წლის თებერვლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისისთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო. პროექტის დახმარებით გოგოები და ქალები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გადიან გადამზადებას ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად და კონკურენტულ სპეციალობებში როგორებიცაა: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება და სხვა. მონაწილეები ასევე გადიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს. გარდა ამისა, პროექტი მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც ქალებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კარიერული ბუთქემფი მონაწილეებს ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს პოვნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ეხმარება. ბუთქემფს პროექტის 35 მონაწილე ესწრებოდა. როგორც ზურაბ პერტაია აღნიშნავს, საათნახევრიანი შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა თიბისის, როგორც დამსაქმებლისა და ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ არაერთი საკითხი მიმოიხილეს.

გარდა კარიერული ბუთქემფისა, თიბისიმ და პროექტის სხვა პარტნიორმა კომპანიებმა მიმართულებების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის მოამზადეს ტექ დავალებები, რომლის შესასრულებლად ბენეფიციარებს ქონდათ 4 კვირა.

“500 ქალი ტექნოლოგიებში” სამ ეტაპად, 2023 წლის აპრილამდე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შედეგად, თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს თიბისის IT აკადემიაში გადაამზადებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თიბისი კურსდამთავრებულებს დაასაქმებს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. 

თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისიში. ეს საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.  2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 640-მა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 220  სტუდენტი კი თიბისიში დასაქმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×