რეზონანსი
08.08.2022

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკო- ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ.

როგორც მან აღნიშნა, სავარაუდოდ, წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ახალი კონკურსი გამოცხადდება. მისივე თქმით, კონკურსი სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოცხადდება, მანამდე კი გიორგი კალანდარიშვილი გააგრძელებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველია მოტივაცია, რომლითაც პრეზიდენტმა იმოქმედა და იხელმძღვანელა.

„როგორც მისივე განცხადებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოჩენა. რეალურად პრეზიდენტს არ ევალება, მითუმეტეს, ამ საკითხში პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. ის უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელო და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება. გიორგი კალანდარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩაატარა და გვახსოვს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ამ ადმინისტრაციის მიერ გაწეულ მუშაობას უმაღლესი შეფასება მისცა. რამდენიმე ქვეყნის ელჩმა- აშშ- ის, ევროკავშირის, გერმანიის ელჩებმა პირადი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ასეთი მაღალი ორგანიზაციული ხარისხი, ადმინისტრირების ასეთი მაღალი დონე და უმაღლესი ადმინისტრატორის, იყო მათ შორის თავმჯდომარეზე მითითება, რომ იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. აქედან გამომდინარე, გაურკვეველია რატომ ხდება ასეთი ადამიანის არდაშვება პარლამენტში წარსადგენად. ჩვენც გვექნება ალბათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა და არ დავუჭერთ პრეზიდენტის ამ არამოტივირებულ გადაწყვეტილებას მხარს.

არსებული თავმჯდომარე გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას, სანამ არ იქნება არჩეული ახალი თავმჯდომარე. უნდა ჩაინიშნოს ახალი კონკურსი. საშემოდგომო სესიის განმავლობაში. როცა იქნება კენჭისყრა, კენჭისყრის უარყოფითი შედეგების შემდეგ გამოცხადდება ახალი კონკურსი, ალბათ, ოქტომბერში იქნება ეს," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესი შედეგის მომტანი ვერ აღმოჩნდა.

„ამ წესს დავთანხმდით იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ მაინცდამაინც საქართველოზე მოინდომა ექსპერიმენტის ჩატარება, რომ რამენაირად ოპოზიცია ქუჩაში სირბილის ნაცვლად შემოსულიყო პარლამენტში. რაც მთელ მსოფლიოში არ მუშაობს, არ მუშაობს არც საქართველოში. ცესკო- ში სამუშაო რიტმი ვერ არის ისეთი, როგორიც სტაბილურად როცა ჰყავს ხელმძღვანელი. ასეთი არასტაბილური ვითარების შექმნა, რაც ამ კანონმა შემოიტანა ცესკო- ს მუშაობაში, აფერხებს ინსტიტუციის განვითარებას," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×