
ჩვენი შეთავაზება იყო აბსოლუტურად თავსებადი და გამომდინარეობდა იმ 12-პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტიდან, რომელიც გულისხმობდა დეპოლარიზაციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ შექმნილ ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გამონახოს საკუთარ თავში ძალა და იმუშაონ ერთად ყველა დაპირისპირებული მოსაზრების მქონე ადამიანებმა.
„ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად კონსტრუქციული იყო ყველა ნაბიჯი 12-პუნქტიანი გეგმის მიღების შემდეგ. სამწუხაროდ, აბსოლუტურად დესტრუქციული და საპირისპირო მიმართულებით მავალი იყო ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გადაწყვეტილება, რომ არ ჩაერთონ პროცესში, ამით ხელი შეუშალონ და ავნონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას. მათ შორის იმ პუნქტისა, რომელიც გულისხმობს დეპოლარიზაციას. შესაბამისად, მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოვუნახავ ვერანაირ გამართლებას და ახსნას იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მავნებლური ამ პუნქტების შესრულების პერსპექტივებთან მიმართებაში.
სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვესმის ერთმანეთის მონაცვლეობით რაღაც ყურით მოთრეული არგუმენტები იმის ასახსნელად, რატომ შეიძლება, გამართლებული და ლოგიკური იყოს ამ შემთხვევაში ცალკე მუშაობა და არშემოერთება ერთობლივი მუშაობის პროცესთან, თუმცა არც ერთ ამ არგუმენტს არ შეიძლება, სერიოზულობასთან ჰქონდეს პრეტენზია", - განაცხადა სარჯველაძემ.