რეზონანსი
13.08.2022

ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნა „საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ზეწოლის, უსაფუძვლო ბრალდებების და მუქარის საბაბი ხდება".

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიამ „საქართველოსთვის" დაუსაბუთებელი განცხადებები გააკეთა, თითქოს ცესკომ შუალედური არჩევნები არა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოტივებით დანიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოახდინონ რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის მცდელობისა და მუქარის ფაქტებზე.

„ ამჯერად ცესკოს მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიას პარტია „საქართველოსთვის" შეუერთდა. გაკეთდა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებები თითქოს ცესკომ შუალედური არჩევნები არა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არამედ გარკვეული პოლიტიკური მოტივებით დანიშნა.

სამწუხაროა, რომ ცესკოს კანონიერი და აუცილებელი საქმიანობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება. „საარჩევნო კოდექსი" პირდაპირ განმარტავს შუალედური არჩევნების დანიშვნის გარემოებებს, რაც როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად დაცული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე სენაკის მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მხარი დაუჭრა სხდომაზე მყოფმა კომისიის ყველა, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულმა წევრმა.

რთული წარმოსადგენია, ბრალდებების ავტორები საარჩევნო კანონმდებლობაში იმდენად ვერ ერკვეოდნენ, რომ ვერ ხვდებოდნენ ცესკოს მიმართ გამოთქმული ბრალდებების აბსურდულობას, თუმცა საზოგადოებისთვის საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ ის გარემოებები, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული არჩევნების დანიშვნისას იხელმძღვანელა.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცესკოს შესაბამისი წერილით 1ივნისს მომართა და მასში აღნიშნული იყო რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. შესაბამისად, ცესკოს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა თვითმმართველი თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს. ასევე, შუალედური არჩევნების დანიშვნისთვის საკრებულოს სხდომაზე ფაქტის ცნობად მიღება/არ მიღება არ წარმოადგენს ცესკოსთვის სავალდებულო იურიდიულ გარემოებას.

შესაბამისად, შუალედური არჩევნების ოქტომბერში დანიშვნის ერთადერთი ლეგიტიმური გარემოება არის ის ფაქტი, რომ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 ივნისამდე, რაც სახეზეა და დასტურდება საკრებულოს მიერ ცესკოსთვის წარმოდგენილი დოკუმენტებით.

ამდენად ნათელია, რომ კონკრეტული პარტიის ამ საკითხთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების შეცდომაში შეყვანასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. პარტია უფრო შორსაც მიდის და იმ საქმიანობის განხორციელებისთვის, რასაც საარჩევნო ადმინისტრატორებს კანონმდებლობა ავალდებულებს, მათ გასამართლებით ემუქრება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და მოახდინონ რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის მცდელობისა და მუქარის ფაქტებზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×