რეზონანსი
19.08.2022

ბოლო ათი კვირის განმავლობაში გერმანიის მთავრობა უგულებელყოფდა უკრაინის მოთხოვნას დამატებითი იარაღის მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ივნისიდან დაწყებული თვეში რამდენჯერმე, რეგულარული ინტერვალებით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროში მაღალი დონის შეხვედრები იმართებოდა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ლამბრეხტიც მონაწილეობდა. უკრაინული მხარე ყოველთვის ითხოვდა იმ ტიპის იარაღის მიწოდების გაზრდას, რომელიც გერმანიამ უკვე მიაწოდა კიევს.

კერძოდ, საუბარია Panzerhaubitze 2000-სა და Mars II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემაზე, რომელიც გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინას მიაწოდა. გარდა ამისა, კიევმა მოითხოვა გერმანული სამხედრო მრეწველობის მიერ შეთავაზებული ძირითადი საბრძოლო ტანკებისა და ჯავშანტექნიკის ექსპორტის კოორდინაცია. აპრილში უკრაინამ შეთავაზება მიიღო Rheinmetall-ისგან 100 Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანისა და 88 Leopard 1-ის საბრძოლო ტანკის შესაძენად (ჯამში 268 მილიონი ევრო). მწარმოებლის თქმით, აღჭურვილობა „სწრაფად ხელმისაწვდომი იქნება“. შესაბამისი საექსპორტო განაცხადი მაშინვე შევიდა გერმანიის მთავრობაში, თუმცა კანცლერს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მასზე რეაგირება არ მოუხდენია.

გასულ კვირაში, ეს თხოვნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმაც გაახმოვანა ლამბრეხტთან სატელეფონო საუბარში. იგივე გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა 4 აგვისტოს გერმანიის კანცლერის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთან, იენს პლეტნერთან სატელეფონო საუბარში.

მოლაპარაკებების დროს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავად ბუნდესვერს სჭირდება დარჩენილი აღჭურვილობა, რადგან გერმანიამ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის წინაშე ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

გამოცემის კითხვაზე საპასუხოდ გერმანიის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „უკრაინულ მხარესთან კონტაქტზე არიან, რათა საუკეთესო მხარდაჭერა მიაწოდონ რუს აგრესორსთან საბრძოლველად“. კონკრეტული დეტალები უწყებაში არ დაუსახელებიათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×