რეზონანსი
22.09.2022

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს, პარლამენტში დაკარგული ექსპონატების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ ეს არის პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი "ყოფილის“ სტატუსით დღეს.

მისი თქმით, ფონდში ვერ იმუშავებს ისეთი ადამიანი, რომელიც არ ინტერესდება, სად არის ესა თუ ის ექსპონატი.  

"გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმში ინვენტარიზაციის შედეგები გვაჩვენებს, რომ დაკარგულად ითვლება 2640 ექსპონატი. ეს არის ფაქტი! შესაბამისად, ეს არის არაპირდაპირი პასუხი, თუ რატომ არის ზოგიერთი თანამშრომელი "ყოფილის“ სტატუსით დღეს. როდესაც შენ გაბარია ექსპონატი და ამას ვერ უვლი, როცა ამ ექსპონატს არ აქვს პასპორტი, როდესაც 90-იანი წლებიდან, 2010 წლიდან გაგზავნილი გაქვს უცხოეთში ფერწერული ტილო და შენ არ ინტერესდები, სად არის ის, რა საკვირველია, ასეთი ადამიანი ფონდში ვერ იმუშავებს.

რამდენიმე ექსპონატს ჩამოვთვლი მაგალითისთვის: გიგო გაბაშვილის "სასულიერო პირი“; ელენე ახვლედიანის "ბრძოლის შემდეგ"; მოსე თოიძის "ტყეში"; გიგო გაბაშვილის „ხალიანი მამაკაცი“ და „ხევსურების დღეობაზე - ალავერდობა“; შალვა ქიქოძის "პარიზის ეტიუდი"; ირაკლი გამრეკელის "მე და ცირკი"; აპოლონ ქუთათელაძის „შესვენება, "ბალერინა"; "უხვი მოსავალი" და "შემოდგომა გურიაში"; ზურაბ ნიჟარაძის "ივდითი“, "გოგონა თუთიყუშით“ და "აკრობატები"; ბორის ფოგელის "სამხრეთის პეიზაჟი“.

ქანდაკების და კერამიკის ფონდიდან დაკარგულად ითვლება: ნიკოლოზ კანდელაკის "ხორავას პორტრეტი“; "ჯანელიძის ბიუსტი“; "ანჟელიკა კაუფმანის “პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი"; ადრიან ფან ნიულანდის "მუსიკალური შეჯიბრი“; ჟან შარდენის "ნატურმორტი"; ანტონის ვან დეიკის "მხატვარ მომპერეს პორტრეტი"; აივაზოვსკის "სევასტოპოლის აღება“ და „თბილისის ხედი სეიდაბადიდან“; ვასილ პეროვის "ლიტონიობის ღამე“; აივაზოვსკის "მზის ჩასვლა“; რუბელიეს "ავტოპორტრეტი“; ალექსანდრე ბენუა „არხი ვენეციაში“; მალიავინის "ქალიშვილის პორტრეტი“ და ეს შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო. ის ვინც ვერ იცავს, ვერ მუშაობს მუზეუმში. ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალში ადგილზე დახვედრილი ექსპონატების ცხრილში წერია ნული, არცერთი აღარ დაგვხვდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის ოდა სახლები, მეჩეთები და სხვა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უმძიმეს მდგომარეობაშია" - აცხადებს თეა წულუკიანი. 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×