რეზონანსი
25.09.2022

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება, ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე დაპირისპირებას, რომელიც ფინანსური საკითხებიდან გამომდინარეა, ამ პარტიის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად დასაცავი გახდა იმ ფლანგისგან, რომელიც სააკაშვილთან უფრო გამოხატავს სიმპათიებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წერვმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ოპოზიციაში, განსაკუთრებით რადიკალურ ფრთაში, „ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ხანია, განხეთქილებაა. ამის შესახებ ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გრიგოლ ვაშაძე ჩაანაცვლა ნიკა მელიამ. შემდგომში ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირესპირება გვახსოვს, როდესაც ნიკა მელია ფაქტობრივად ფორმალურ ლიდერად დატოვეს და კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს დაპირისპირება დღითიდღე ღრმავდება, ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე დაპირისპირებას, რომელიც ფინანსური საკითხებიდან გამომდინარეა. ამ პარტიის მთავარი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად დასაცავი გახდა იმ ფლანგისგან, რომელიც სააკაშვილთან უფრო გამოხატავს სიმპათიებს. ნიკანორ მელიას, როგორც ვნახეთ, ღია ეთერში არ მოერიდა განეცხადებინა, რომ დავით კეზერაშვილი ფაქტობრივად მიუღებელია პოლიტიკისთვის, მისთვის პირადად მიუღებელი ადამიანია.

ამას მოჰყვა შემდგომში კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან განცხადებები. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არანაირი განშტოებები, „დროა", „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი" თუ ასე შემდეგ, არ არსებობს. ვხედავთ, რომ „დროას" ლიდერიც დღეს უკვე გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს. ის არ კმარობს იმ მილიონებს, რომელსაც რუსეთისგან მისი ოჯახი დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა, რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი პარტიის დამფინანსებელია",- განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის განშტოებული სხვადასხვა შენაერთებად.

​„ერთმანეთში არის დაპირისპირება და როგორც კი საკითხი შეეხო ფინანსურ საკითხებს, პოზიციები გამოიკვეთა, ვინ იყო კეზერაშვილის დაფინანსებული, ვინ არ იყო. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო და საზოგადოების სააშკარაოზე გამოიტანა ის დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდი ხანია, არსებობს ამ პარტიაში, ამ პარტიის შენაერთებს შორის. რეალურად ვხედავთ, რომ ეს პარტია და თითოეული წარმომადგენელი, ორიენტირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებზე, ვიწროპარტიულ ინტერესებზე და როგორმე ძალაუფლების დაბრუნებასა და ხელში ჩაგდებაზე",- განაცხადა გივი მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში".

ამასთან, „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან „პარტნიორობს და იპარტნიორებს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×