რეზონანსი
26.09.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ნაკადი ამ ეტაპზე სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მისივე თქმით, საზღვრის ჩაკეტვისა და გახსნის საკითხებში აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება.

„ჩვენ დღეის მდგომარეობით შესაბამისი სამსახურებიდან, მათ შორის სპეცსამსახურებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ნაკადები სრულად ექვემდებარება კონტროლს, არავითარ საფრთხეს ამ ეტაპისთვის და ამ რაოდენობით ჯერ არ წარმოადგენს", - დასძინა ბექა დავითულიანმა.

ბექა დავითულიანს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომლის მიხედვითაც: „ნონა მამულაშვილმა უკრაინულ ტელევიზიასთან გააკეთა განცხადება, რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავრობასთან და ორშაბათიდან საქართველოს მთავრობა საზღვრის ჩაკეტვას აპირებს. იგეგმება თუ არა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა".

ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ასეთი მკაფიო მანევრები საჭირო არ არის. მისივე განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში საზღვარს ისედაც კეტავს და აღნიშნული საკითხი აქტუალური საერთოდ აღარ იქნება.

„სავიზო რეჟის შემოღებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როცა ვმანევრირებთ ყველა რისკის დაზღვევით და ამ თვალსაზრისით კარგად მივდივართ, ასეთი მკაფიო მანევრები საჭირო არ არის. რა ლოგიკაა, რომ არ შემოუშვათ რუსეთიდან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ომი და არ სურთ ფრონტის ხაზზე წასვლა. ანუ, რუსეთში არსებულ რეჟიმს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ისინი გაუშვან ბრძოლოს ველზე და ზიანი მიაყენონ უკრაინას? ჩვენ ხომ უკრაინას ხელი უნდა შევუწყოთ ომში გამარჯვრბაში, შესაბამისად, ჩვენი ინტერესიცაა, რომ თუ ჩვენს ინტერესებს არ დააზიანებს, მაშინ მივიღოთ, ვისაც იქ წასვლა არ უნდა. რუსეთის ხელისუფლებას ხალხის მობილიზების პრობლემა თავად აქვს და 28 რიცხვიდან საზღვარს ისედაც კეტავს. ამიტომ ეს საკითხი აქტუალური საერთოდ აღარ იქნება", - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×