
ქალაქ დნიპროზე რუსების მიერ, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ 2 ბავშვი - 8 წლის ბიჭი და 9 წლის გოგონა და ორი ზრდასრული მოქალაქე ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის 12 წლის მოზარდი. ისინი მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს და მოტეხილობებითა და ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 60-ზე მეტი კერძო სახლი და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა, ასევე ბაზარი, ავტობუსები, მანქანები და ელექტროგადამცემი ხაზები.