რეზონანსი
30.09.2022

ევროპული საბჭოს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანა მტკიცედ უარყოფს და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას.

განცხადების თანახმად, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის განზრახ ძირის გამოთხრით, უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური უფლებების, ისევე როგორც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უხეშად დარღვევით რუსეთი გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო "რეფერენდუმს", რომელიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეუძლიათ რაიმე იურიდიული შედეგის მოტანა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ერთმნიშვნელოვნად უარყონ ეს უკანონო ანექსია", - წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

ამავდროულად განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინა იყენებს ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და აქვს უფლება გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კრემლის ატომური მუქარები, სამხედრო მობილიზაცია და უკრაინის ტერიტორიის როგორც საკუთრად ცრუდ წარმოჩენა და იმის მტკიცება, თითქოს ომი ახლა შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდეს, არ შეარყევს მათ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ გავაძლიერებთ რუსეთის უკანონო ქმედებების საწინააღმდეგო ჩვენს შემაკავებელ ზომებს. ისინი კიდევ უფრო გაზრდიან რუსეთზე ზეწოლას აგრესიული ომის დასასრულებლად. ჩვენ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას სადამდეც ეს იქნება საჭირო", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×