რეზონანსი
01.10.2022

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. სხდომაზე ნელი დოროყაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეომასალას აჩვენებენ, რომელიც მან გამომძიებლებს გამოძიების ეტაპზე წარუდგინა.

ვიდეოში დოროყაშვილი გამომძიებელს უყვება, რომ ამერიკაში, როცა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩააკითხა, ქმარმა მასზე იძალადა.

„თმაშიც მწვდა, რამდენიმე დარტყმა იყო, ეს ვიდეო გადავიღე, რადგან დიდხანს გაგრძელდა ძალადობა. იმდენად აფექტში იყო, ტელეფონი რომ მეჭირა, ვერც ხვდებოდა, მაგრამ მეშინოდა",- განაცხადა დოროყაშვილმა გამომძიებელთან.

ვიდეოჩანაწერში რამდენიმე წამით ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ისმის ნელი დოროყაშვილის ტირილი.

„გამაგებინე, რატომ მირტყამ, რა ღირსი ხარ შენ რომ ვინმე შენზე ტიროდეს, წადი აქედან, მომშორდი, რის გამო მირტყამ? ამას ლუკასი არ გაპატიებს, მომშორდი, რაში მჭირდები... ჩემ ცემას ლუკასი არასდროს გაპატიებს", - ისმის დაზარალებულის ხმა ვიდეოჩანაწერში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.

„წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო", - განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.

სხდომაზე აჩვენეს დოროყაშვილის მიერ გამომძიებლისთვის ნაჩვენები ფოტოსურათებიც, რაზეც დაზარალებული ამბობს, რომ კეკელიძეზე, ავტომობილში მომხდარი ძალადობის შემდეგ, მეორე დღეს არის გადაღებული. ფოტოსურათზე დოროყაშვილს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ეტყობა.

სასამართლო პროცესზე ასევე გამოიკვლიეს დოროყაშვილის მიერ ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ავტომანქანაში, სადაც ბასილაშვილი და დოროყაშვილი იმყოფებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება, რომ მას არ ენდობა.

„მე არ მჯერა შენი, შენ ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მე ურთიერთობა დავასრულე. შენ ხარ უსაქმური ადამიანი", - მიმართავს ბასილაშვილი დოროყაშვილს, რაზეც ის ასე პასუხობს: "ვერ იხსენებ რატომ არ გჯერა ჩემი, ამის ფაქტი არ გაქვს".

„მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო. ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები... შენ მატყუარა გოგო ხარ, სახლში ავუვარდი დედაშენს და ვაგინე?" - მიმართავს ბასილაშვილი მეუღლეს.

ჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ ის სასამართლოს სარჩელით იმ დღესვე მიმართავდა და ვალდებულებებისგან გათავისუფლდებოდნენ.

„შენ ქონება გაღელვებს მხოლოდ.... რატომ დაასკვენი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა წაგართვა.... მართლა გგონია, რომ მამაჩემი გართმევს ქონებას?"- მიმართავს დოროყაშვილი მეუღლეს, რაზეს ის ასე პასუხობს: „მე არ მჯერა არც შენი და არც შენი მშობლების",- მიმართავს ბასილაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×