მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთ უზრუნველვყოთ სახელმწიფო მიზნების მიღწევა და უკეთ მოვემსახუროთ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახა ბიუჯეტზე. შესაბამისად, ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა ჩვენი ბიუჯეტის როგორც შემოსავლების, ასევე, ხარჯების ნაწილი, რაც ბევრ მიმართულებაზე აისახება. მათ შორის არის სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა, საგარეო ვალის მომსახურება და ა.შ. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკეთ უზრუნველვყოთ სახელმწიფო მიზნების მიღწევა და უკეთ მოვემსახუროთ საზოგადოებას, მათ შორის, სოციალური მიმართულებებით. ეს ყველაფერი ასახულია ახალ საბიუჯეტო დოკუმენტში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პლენარულ სხდომაზე, დეპუტატები 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. სახელმწიფო ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტს ამცირებს. პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.