რეზონანსი
07.10.2022

შემცირდა დაავადების დამძიმების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. თუ 1-2 თვის წინ, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი იყო, ახლა მხოლოდ 500-მდე გვყავს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებსაც მინიმალურ ნიშნულზე ვინარჩუნებთ, თანაც კლების ტენდენციით. როგორც მან აღნიშნა, თუ წინა თვეებში 1 კვირაში COVID-ით გარდაცვალების საშუალოდ 5-8 შემთხვევა ფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში 1 კვირაში გარდაცვალების მხოლოდ 3-5 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ყველას აინტერესებს, დამთავრდება თუ არა COVID-ის პანდემია. დარჩება თუ არა კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, პიკის პერიოდები უკვე გავიარეთ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პანდემია უახლოეს დროში არ დამთავრდება და კორონავირუსი მალე არ გაქრება. ბოლო თვეებში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ეპიდვითარება დასტაბილურდა კლების ტენდენციით. თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 მილიონზე მეტი იყო, ახლა, დაახლოებით, 500-700 ათასის ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი" შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაინც არ არის სწორი ის აზრი, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის. მსოფლიოში ბოლო თვეებში, ყოველდღიურად, COVID -ით 1000-დან 2000-მდე გარდაცვალება ფიქსირდებოდა, რაც „დელტა" შტამით გამოწვეულ სიკვდილობაზე ბევრად ნაკლებია, მაგრამ ცოტა მაინც არ არის. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც. თუ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ყოველდღიურად საშუალოდ COVID-ის დაახლოებით 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა განახევრებულია შემდგომი კლების ტენდენციით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემებით, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც COVID-ის მართვაში ყველაზე წარმატებულად ითვლება (სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონია და სხვ.). ასევე, შემცირდა დაავადების დამძიმების და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. თუ 1-2 თვის წინ, ქვეყანაში 1000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული COVID პაციენტი იყო, ახლა მხოლოდ 500-მდე გვყავს. სწორედ ამ დინამიკამ მოგვცა იმის თქმის უფლება, რომ სადღეისოდ ჩვენ COVID-ს თითქმის ისე ვმართავთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. ეს დიდი მიღწევაა. კერძოდ, თუ ადრე COVID პანდემია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა ადამიანის სიცოცხლეზე და ცხოვრების ხარისხზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე, ახლა ასე აღარ არის. COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ნიშნავს, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად, გრიპის დროს გარდაცვალების შემთხვევებს, რომ თუ კორონავირუსით დაინფიცირდებით, დროულად მიმართავთ ექიმს და შეასრულებთ მის რეკომენდაციებს, COVID-ს გადაიტანთ, როგორც რიგით რესპირაციულ ინფექციას. სწორედ ეს არის სადღეისოდ მთელ მსოფლიოში ძირითადი მიზანი და საქართველომ ეს ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უდიდეს პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას. შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის დაცული და COVID-ი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ცხოვრების ხარისხზე",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თუმცა თენგიზ ცერცვაძე მაინც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საწოლფონდი, გარკვეული მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები, სამედიცინო პერსონალი მზადყოფნის რეჟიმში უნდა იყოს, რადგან კოვიდის შემთხვევების მოულოდნელი მატების შემთხვევაში, მზად ვიყოთ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×