რეზონანსი
02.12.2022

პიარკამპანია ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადახედვის საფუძველი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში არც ერთ შეხვედრაზე არ უკითხავთ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესახებ, რაც ოხანაშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ევროპაში თემა აქტუალური არ არის.

„მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს სახელით გამოტანილი განაჩენით არის მიცემული. სასჯელს იხდის შესაბამისი მტკიცებულებებით გაჯერებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესია, რომ ეს თემა აქტუალური გახადონ. დააკვირდით, როგორც კი დაიწყო შიდა პოლიტიკური ძალთა გადანაწილება, რასაც საზოგადოება „ნაციონალური მოძრაობის" დაშლად აფასებს, ცდილობენ, ამ პოლიტიკური პარტიის ირგვლივ როგორღაც აქტუალობა შეინარჩუნონ. მერწმუნეთ და ფაქტია, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრა გავმართეთ და არც ერთ შეხვედრაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს მათი ლიდერებისა თუ ბელადის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ეს თემა არ არის აქტუალური. ევროპისთვის ეს არის ერთი ჩვეულებრივი საკითხი, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში ხორციელდება. ეს პოლიტიკური პარტია ცდილობს როგორღაც შეინარჩუნოს თავისი აქტუალობა, თუმცა ესეც გადაიშლება, როგორც ჩვეულებრივი ფურცელი, რაც უნდა ეცადონ, რაიმე სერიოზული შედეგები ამას ვერ ექნება. რაც არ უნდა რეიტინგული, მაღალი ტექნოლოგიების მქონე კომპანიების დაქირავებით აწარმოონ პიარკამპანია, პიარკამპანია ვერ გახდება სასჯელის გადახედვის საფუძველი", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ, პიარ-საკონსულტაციო კომპანია „გლობალ პოინტთან", რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით. გიული ალასანიამ „გლობალ პოინტთან" თანამშრომლობა დაადასტურა და განაცხადა, რომ პიარკომპანიით პარტნიორებს უნდა მიეწოდოს სწორი ინფორმაცია სააკაშვილთან დაკავშირებით. გიული ალასანიას მიერ დაქირავებულმა ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალმა" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პირველი სტატია უკვე გამოაქვეყნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×