რეზონანსი
24.01.2023

აშკარად იკვეთება აშშ-ის საელჩოს და მისი პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური როლი მართლმსაჯულების სისტემაში ფავორიტი მოსამართლეების გამოკვეთის, მათი მიმხრობის და მათთან აქტიური „მუშაობის" კუთხით, რათა მათ თავის მხრივ, შემდგომ უარყოფითი და დესტრუქციული მუხტი აქტიურად შეიტანონ სასამართლო კორპუსში, გააღვივონ ხელოვნური შიდა დაპირისპირება, საბოტაჟური მიდგომები და ა.შ. - ამის შესახებ ნათქვამია „ხალხის ძალის" წევრის ზურაბ ქადაგიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის დასტურია აშშ.-ს საელჩოს 2021 წლის 2 ნოემბრის უპრეცედენტო და უტაქტო განცხადება, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიური ეტიკეტისთვის და პრაქტიკისთვის მართლაც უანალოგოა, სადაც სასამართლო კორპუსი დაყოფილია ერთის მხრივ კვალიფიციურ და საქმისადმი ერთგულ, ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ძირის გამომთხრელ მოსამართლეებად. განცხადებაში სასამართლო ხელისუფლება კი მოხსენიებულია დახურულ სისტემად , რის გამოც თურმე ბევრი კვალიფიციური პროფესიონალი წევრი გამოთიშულია პროცესიდან.

„ასევე ამავე ხაზის გაგრძელებაა, ის გარემოებები რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები თავიანთ 2022 წლის 20 ივლისის განცხადებაში ამბობენ.

კერძოდ, წლებია აშშ-ს საელჩოს მიერ დე ფაქტო იგნორირებულია და პრაქტიკულად ე.წ. „არაღიარების პოლიტიკას" აწარმოებს იუსტიციის მოქმედი საბჭოს და მისი წევრების მიმართ. რეალურად ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების მთავარი ორგანოს მიზანმიმართული დაკნინება, არანაირი თანამშრომლობა მასთან, ხოლო ამის საპირისპიროდ „მუშაობა" და ინდივიდუალური კომუნიკაცია კონკრეტულ მოსამართლეებთან საბჭოსთან ყოველგვარი კოორდინაციის გარეშე. უფრო მეტიც, ელჩი პირადად ისე რომ საერთოდ არ ატყობინებს არც საბჭოს, არც მის თავმჯდომარეს და მდივანს, საკმაოდ „უცნაურად" სისტემატურ ვიზიტებს ახორციელებს სხვადასხვა სასამართლოებში, რაც კიდევ ერთი დასტურია ამ ყველაფრის. და ეს მაშინ, როდესაც ამ წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთხელაც კი არ შეხვედრია. (იხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადება.)

ამ ვიზიტებს და შეხვედრებს ცხადია თავისი დატვირთვა და შინაარსი აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ თვით ელჩის ვიზიტი სასამართლოებში ფავორიტ მოსამართლეებს პოზიციებს უმაგრებს და სხვა მოსამართლეებს აჩვენებს, რომ მათ საელჩოს სრული მხარდაჭერა გააჩნიათ. ლოგიკურად და სავარაუდოდ სასამართლოს სისტემაში გადასადგმელ ნაბიჯებზე, „საჭირო" მოსამართლეთა გამორჩევაზე, ზოგად სამოქმედო სტრატეგიაზე, მათ შორის სასამართლოებში პირადი ვიზიტების ორგანიზებაზე, მოსამართლეებთან ინდივიდუალურ კომუნიკაციაზე, საბჭოს გვერდის ავლის და სხვა ნაბიჯებზე და ზოგადად სამოქმედო ტაქტიკაზე რჩევებს და რეკომენდაციებს იძლევიან სწორედ მართლმსაჯულების მიმართულების პროექტის ხელმძღვანელები გიორგი ჩხეიძე და მისი მოადგილე ინგა თოდრია, რომლებიც კარგად იცნობენ სასამართლო სისტემას და უშუალოდ მოსამართლეებს, ვინაიდან მართლმსაჯულების პროექტს ხელმძღვანელობენ უკვე წლებია აშშ-ს საელჩოს ხაზით" - ნათქვამია წერილში.

აქვე ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ „ასეთი მიდგომებით საბოლოოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „დე ფაქტო" არაღიარების და იგნორირების პროცესი ახლა უნდა გადაიქცეს უკვე „დე იურედ", რომ იუსტიციის საბჭოში მოხდეს პოლიტიკური პროცესების და ოპოზიციური პარტიების გავლენების შეტანა, ისე როგორც ფავორიტი მოსამართლეების ხელით შიდა დაპირისპირების გამწვავება და საბოლოოდ უნდა მოხერხდეს იუსტიციის საბჭოს პარალიზება, რასაც უკვე შემდეგ მოჰყვება „ნაციონალური მოძრაობისა„ და პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფავორიტი მოსამართლეების შეყვანა საბჭოში და სასურველი პირების მოსამართლეებად დანიშვნა სისტემაში.

„სწორედ ამას ემსახურება ეს უპრეცედენტო და დაუსაბუთებელი ცვლილებების კატეგორიული მოთხოვნა საელჩოს მხრიდან, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც უკვე მათ მიზნები რეალურად მიღწევადი ხდება" - ნათქვამია ზურაბ ქადაგიძის წერილში.

აქვე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში რეფორმის სახელით განხორციელებული რეპრესიული მოქმედებების მკაფიო მაგალითია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, სოროსის ორგანიზაციის ჩართულობით ალბანეთში და უკრაინაში განხორციელებული სასამართლოს წმენდისა და სისტემის ჩამოშლის მკაფიო მაგალითები.

„საქართველოში ზუსტად იმავე აქტორების -საელჩოს, USAID-ის და სოროსის იგივე ადგილობრივი ორგანიზაციის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) ანალოგიური სასამართლო რეფორმების პროექტის ზემოთ აღწერილი „მუშაობა" იძლევა პარალელების გავლების ლეგიტიმურ საფუძვლებს იმ მოვლენებთან, რასაც სხვა ქვეყნებში ჰქონდა ადგილი. ამას ადასტურებს ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ინგა თოდრიას მხრიდან გაკეთებული ფეისბუქპოსტიც - „მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა" და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა .... ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს" (იგულისხმება 2012 წლიდან ძილი). ეს ყველაფერი კი, გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ქ-ნ ინგა თოდრიას მიერ მომზადებული და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით წარდგენილი ნებისმიერი ინსტრუქცია/რეკომენდაცია ემსახურება სასამართლო სისტემის დესტაბილიზაციას, მოსამართლეების ხელოვნურ დაყოფას „კვალიფიციურ", „საქმისადმი ერთგულ" და სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ძირის გამომთხრელ მოსამართლეებად (რაც საელჩომ ზემოთ მოყვანილ განცხადებაში დააფიქსირა), რასაც შედეგად გარდაუვალად სახელმწიფოში მართლმსაჯულების სისტემაში ქაოსის შეტანა და საბოლოოდ ჩამოშლა მოჰყვება.

სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთავარი ძალისხმევა სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისა და მისი გაძლიერებისაკენ იყოს მიმართული და არ დავუშვათ ისეთი სახის უპრეცედენტო გარე ჩარევების (ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს) განხორციელება, რაც გამოიწვევს ხელოვნურ კოლაფს მართლმსაჯულებაში და პოლიტიკურ კრიზისს, რითაც ისარგებლებს რადიკალური ოპოზიცია, ანალოგიურად 2003 წლისა" - ნათქვამია ზურაბ ქადაგიძის წერილში.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×