
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა 74 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ნოემბერსა და დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის საელჩოებში, ასევე ესპანეთის რამდენიმე დაწესებულებაში ასაფეთქებლის შემცველი ამანათების გაგზავნაში.
Reuters-ის ცნობით, კაცმა 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში უწყებებში ჯამში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი 6 ამანათი გაგზავნა. მათ შორის, ისინი გაუგზავნა ესპანეთის პრემიერმინისტრს, სამთავრობო და ევროკავშირის ოფისებს, ასევე მადრიდში აშშ-სა და უკრაინის საელჩოებს. უკრაინის საელჩოში მოწყობილობის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. აფეთქება 30 ნოემბერს მოხდა.
ეჭვმიტანილის დაკავებამდე სამი დღით ადრე New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გამოძიება რუსული იმპერიული მოძრაობის გარშემო მიმდინარეობდა.დაჯგუფებას კავშირი აქვს ესპანეთის რადიკალურ მემარჯვენე ორგანიზაციებთან. Reutrers წერს, რომ იგი სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს.