რეზონანსი
01.02.2023

ორჯერ მოვისმინე ჩანაწერი, ავთენტური საუბარია და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან აღნიშნული საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მხრივ რთული ვითარება შეიქმნა.

აბაშიძის განცხადებით, კარასინთან კავშირი ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში ჰქონდა.

„ეს არის გასული წლის 21 ივნისი, შეიძლება 20 ივნისი. მაშინ რთული ვითარება იყო ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით, ათასობით მანქანა იდგა ორივე მხარეს. რთული სიტუაცია შეიქმნა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ამასთან დაკავშირებით მქონდა, ე.წ. პრაღის ფორმატში კარასინთან კავშირი. ეს ფორმატი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ასეთი საკითხების მოგვარება შესაძლებელი გახდეს უშუალო კონტაქტით. დღის წესრიგით და ჩვენი მანდატით არის განსაზღვრული ასე, რომ ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით, სატელეფონო კავშირი გვქონდა. ჩავრთეთ ადგილობრივი სამსახურები, მესაზღვრეები, მებაჟეები, რათა ეს სიტუაცია დარეგულირებულიყო. ჩვენი მეზობელი ქვეყნები იყვნენ შეწუხებული, მათ შორის სომხეთიდან ჩამოვიდა მათი წარმომადგენელი. აი ამაზე ვსაუბრობდით.

ორჯერ მოვისმინე ეს ჩანაწერი, ავთენტურია ეს საუბარი და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მივხვდი. ვსაუბრობ, რომ ჩვენი მხრიდან მიდის მშენებლობა, პარალელური დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ, 24 წელს არის მისი დასრულება გათვალისწინებული, ეს წაადგება იმ საქმეს, რომ ვითარება განიმუხტოს. მიდის იქ პარალელური მშენებლობა, გზები შენდება, გვირაბები.

რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ ეს წარმოაჩინონ, როგორც დიდი სკანდალი და თუ ამას მოისმენ მშვიდად და დააკვირდები, რაზე ვსაუბრობ, ასეთი საუბრები ჩვენ მაშინ გვქონდა. როცა იქმნება ფორსმაჟორული სიტუაცია საზღვარზე, სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა",- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×