რეზონანსი
01.02.2023

ლევან ხაბეიშვილის განცხადება არ იყო პოლიტიკური და პარტიის პოზიციის გაჟღერება. ეს იყო კითხვაზე პასუხი - განიხილავთ თუ არა პარლამენტიდან გასვლას , - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა კითხვას, მზად არიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების სანაცვლოდ, მანდატები დატოვონ.

ბეჟაშვილის თქმით, ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც არის.

„ჩვენ, ბუნებრივია ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენთვის პარლამენტში ყოფნა დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მოვახდინოთ საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია. „ქართულ ოცნებას" , რა თქმა უნდა, ვთავაზობთ არა მარტო პარლამენტიდან გასვლას, კიდევ უფრო მეტს: პარტიული დაფინანსების დაკარგვასაც, საარჩევნო კომისიებში ადგილის დაკარგვას, საკრებულოებიდან გამოსვლას, ცენტრალური ოფისის გადაფორმებას, ოღონდ ამის შედეგი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს არის არა მარტო შეთავაზება, არამედ გამოწვევაც.

„ქართული ოცნება" 10 წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ რადარებიდან გაექრო „ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ კონკრეტულ მექანიზმს ვთავაზობთ: გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. ნულოვანი ნიშნულიდან ვიბრძოლებთ ამ ქვეყნისთვის, შესაბამისად, ნულოვანი ნიშნულიდან დავამარცხებთ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ის ასევ გამოეხმაურა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, დეკანოიძის აღნიშნული გადაწყვეტილება, ფრაქციისთვისაც მოულოდნელი იყო.

„მას აქვს თავისი გეგმები და ეს გეგმები უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობის" პარტიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. მოარული ხმები, რომ ხატია გავა პარტიიდან, არის მიუღებელი.

ჯერ კანდიდატურები ფრაქციის თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ განიხილება. ფრაქციისთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ბევრმა წევრმა, სამწუხაროდ ტელევიზიით გაიგო ეს განცხადება.

ნებისმიერ პარტიაში, წინა საარჩევნო პერიოდის დროს არის გარკვეული რყევები. არჩევნები გუშინ დამთავრდა. გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო, რომ მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია, მოხდეს მხარეების კვლავ გაერთიანება. ლევან ხაბეიშვილის პრიორიტეტი იქნება პარტიის კონსოლიდაცია და ახალი სტრატეგიის შემუშავება იმისათვის, რომ ჩვენ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს პარტიაში და საზოგადოების წინაშე.

მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო, პროცესები დამშვიდდება, დაწყნარდება, პარტია ისევ მიიღებს იმ კონტურებს, რომელიც ჩვენ სტატუსს - მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს შეესაბამება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×