რეზონანსი
06.02.2023

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე - ირანელი ჟურნალისტი, მასიჰ ალინეჯადი მოსაკლავად გაიმატეს, თუმცა FBI-მ დანაშაული აღკვეთა - შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. გამოძიებით დგინდება, რომ ირანული წარმოშობის ჟურნალისტის ლიკვიდაციას ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით ქართულ-აზერბაიჯანული მაფია გეგმავდა.

ნიუ იორკში დაგეგმილი შეიარაღებული თავდასხმის დეტალებზე პირადად შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა. დადგინდა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით და კანონიერი ქურდების შუამავლობით, დაქირავებული ქილერი ბრუკლინში, ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობას ამზადებდა. მკვლელი სახელად ხალიდ მეჰდიევი სამიზნესთან ახლოს იყო, თუმცა შეთქმულება ფედერალური გამოძიების ბიურომ ჩაშალა.

FBI-ის გამოძიებით დგინდება, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ "კანონიერ ქურდს" რაფეტ ამიროვს დაავალა, მოეძებნა სანდო პირი, ვინც შეერთებულ შტატებში ემიგრირებულ ჟურნალისტს მოკლავდა. ამიროვი, თავის მხრივ, დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეს, კრიმინალურ ავტორიტეტ ფოლად ომაროვს, რომელმაც ნიუ-იორკში ქილერიც მოიძია და ავანსის სახით 30 ათასი დოლარიც გადაუხადა.

"რუსთავი 2" გაეცნო ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საბრალდებო დასკვნას. 25-გვერდიან დოკუმენტში ასახულია დაჯგუფების წევრებს შორის სატელეფონო მიმოწერა და ფოტოები, რომელიც დაქირავებულმა ქილერმა სამიზნის სახლთან გადაიღო.

ვინ არის საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი, რომელმაც ქილერს პირადად დაუკვეთა ჟურნალისტის მკვლელობა? საბრალდებო დასკვნაში მის შესახებ ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ: - "ფოლად ომაროვი, მეტსახელად “ჰაცი ქაქა“, საქართველოს მოქალაქე. ის იკავებს ლიდერის პოზიციას დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. ცხოვრობდა აღმოსავლეთ ევროპაში და ფლობს პირადობის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტებს."

ღია წყაროებით დგინდება, რომ ფოლად ომაროვის სახელს უკავშირდება გატაცებების, მკვლელობებისა და ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვის არაერთი ეპიზოდი, მათ შორის უკრაინაში, რუსეთსა და საქართველოში. ის არის 2020 წელს სტამბოლში მოკლული კრიმინალური სამყაროს ლიდერის, ნადირ სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი. ფოლად ომაროვთან ერთად ამავე კლანის წარმომადგენელია ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადებაში მხილებული რაფეტ ამიროვიც, რომელსაც ე.წ. კრიმინალური გვირგვინი 2014 წელს, ქართველმა "კანონიერმა ქურდებმა" ანტალიაში დაადგეს.

ჟურნალისტი და დისიდენტი მასიჰ ალინეჯადია ის, ვის ლიკვიდაციასაც ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით ქართულ-აზერბაიჯანული მაფია გეგმავდა. ირანელი ჟურნალისტი ტრანსაციონალური შეთქმულების გამოვლენისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

"მასიჰ ალინეჯადი, ჟურნალისტი: დიახ, სახე, რომელსაც ახლა უყურებთ, მკვლელობის სამიზნე იყო. მკაფიოდ განვმარტავ, მე არ მეშინია სიცოცხლის დაკარგვის... მოვუწოდებ შეერთებული შტატების მთავრობას რომ მიიღონ მკაცრი ზომები. ტერორისტულ რეჟიმთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებთ. მადლობა FBI-ის და სამართალდამცავ უწყებებს ჩემი დაცვისთვის. დროა ყურადღება მივაქციოთ უდანაშაულო ადამიანებს ირანში, რომლებიც თავს ვერ იცავენ. მე არ ვარ შეშინებული, ბრძოლას ვაგრძელებ ირანელებისთვის. თუ ახალა მკაცრ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ შტატების მიწაზე უფრო და უფრო მეტ ტერორისტს ვნახავთ," - განაცხადა მასიჰ ალინეჯადიმ.

მასიჰ ალინეჯადი ერთადერთი არ არის, ვისი ლიკვიდაციაც ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით სცადეს. არც შეერთებული შტატებია გამონაკლისი. გასული წლის ნოემბერში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ბიზნესმენ იციკ მოშეს მკვლელობა აღკვეთა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი "რუსთავი 2-ს" უყვება, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების უკან სწორედ ირანის რევოლუციური გვარდიის ქოლგის ქვეშ მოქმედი ყუდსის ძალები იდგა. ბიზნესმენი გვიყვება, რომ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობს და ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს.

იციკ მოშეს მკვლელობის მზადებისთვის დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე ასამართლებენ. ჟურნალისტ მასიჰ ალინეჯადის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების საქმეს კი ნიუ-ორკის უმაღლესი სასამართლო განიხილავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 30 წლამდე პატიმრობა ელის სამივე ბრალდებულს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვს.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×