
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, ორი მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი.
„100 მოქალაქიდან 80 მოძიებულია. 14 რთული შემთხვევა იყო, აქედან ორი გარდაცვლილია. როგორც ჩვენ ვიცით, 2 ნანგრევებშია მოყოლილი და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები", - განაცხადა ჯანჯღავამ.
ბოლო ცნობით თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5000-ს აღწევს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია გადაადგილება, რეგიონში უმძიმესი ვითარებაა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.