რეზონანსი
08.02.2023

სამეგრელო, სოფელი ჯიხაშკარი ომიანე ჯიქიას სახლი - ეს ის ლოკაციაა, სადაც #1 ტერორისტად აღიარებული ბადრი ესებუა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ბანკზე თავდამსხმელი 2 წლიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცველებმა, ნათესავის სახლში გამთენიისას დააკავეს. დამნაშავე სამალავში იარაღს და საბრძოლო მასალას ინახავდა, თუმცა სპეცოპერაცია მშვიდობიანად, წარმატებით დასრულდა.

ბადრი ესებუა ჯიხაშკარიდან ჯერ სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. სახლში, სადაც ის იმალებოდა, რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პოლიციამ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, სხვა მტკიცებულებებიც ამოიღო.

ბადრი ესებუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალდებული ადვოკატმა ქუთაისის ციხეში მოინახულა. იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს.

რამდენ ხანს მფარველობდა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილ ნათესავს - ომიანე ჯიქია შეკითხვებს არ პასუხობს. მამაკაცი სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სამივე მათგანი გამოკითხვაზე რამდენიმე საათი ჰყავდათ.

დაკავებულის მამის მტკიცებით, არ იცოდა, რომ მისი შვილი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში, მეზობელ სოფელში იმალებოდა. როგორც ტარიელ ესებუა ამბობს, ბანკზე თავდასხმის შემდეგ შვილი არ უნახავს.

ის, რომ დამნაშავე თავს ჯიქიების ოჯახს აფარებდა, არ იცოდნენ ჯიხაშკარში. ადგილობრივების მტკიცებით, მათ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.

შეიარაღებული და შენიღბული თავდამსხმელი ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. დამნაშავემ 43 პირი მძევლად აიყვანა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თავდამსხმელის იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს.

7-საათიანი ტყვეობის შემდეგ, ბადრი ესებუამ მძევლები ნახევარი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამი მათგანი პოლიციის მაღალჩინოსნის თანხლებით, ჩხოროწყუს სოფელ კირცხში წაიყვანა, უსაფრთხოებაში დარწმუნდა და მიიმალა. ბადრი ესებუას საქმის განხილვა ზუგდიდის სასამართლოში ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილის დაკავების შესახებ, განცხადება და კადრები გაავრცელა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი დღეს, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს დაესწრო. ვახტანგ გომელაურს მთავრობის მეთაურმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა პარლამენტში მიულოცეს სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×