რეზონანსი
09.02.2023

ბადრი ესებუას 2 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ინფორმაციას ადვოკატი, იოსებ ჯანაშია ავრცელებს. ამასთან, ესებუას ინტერესების დამცველი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული "საქართველოს ბანკზე" მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ქუთაისის ციხიდან თბილისში გადაიყვანონ. მისივე ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში ესებუა ადგილსამყოფელს იცვლიდა, ჯიხაშკარში ნათესავის ოჯახში კი ის სპეცოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა.

ადვოკატის თქმით, ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს შორის არ არის თანხა, რომელიც 2020 წელს ესებუამ სავარაუდოდ ბანკიდან გაიტაცა.

"რაც გაჟღერდა მისი სახელი, მას ასეთი განცდა გაუჩნდა, რომ რადგან თანხა იყო წაღებული ბანკიდან, ბუნებრივია, გაუჩნდა განცდა იმისა, შესაძლებელია ის ყოფილიყო დევნის ობიექტი. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა და მიიმალა. მან მითხრა, ჰქონდა კიდეც იმის სურვილი, რომ გამოსულიყო, ჩაჰბარებოდა და თავის საქმეზე ებრძოლა... თანხასთან დაკავშირებით, ბუნებრივია მე არ მექნებოდა შეკითხვა, პირი ამბობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და თანხა სად წაიღეო, ძალიან უადგილო შეკითხვა იქნებოდა ჩემი მხრიდან," - განაცხადა ადვოკატმა.

საგამოძიებო მოქმედებები დილიდან განახლდა. პოლიციაში მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. კიდევ ერთი კომენტარი მედიასთან გააკეთა დაკავებულის მამამ. ტარიელ ესებუა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×