
3 თებერვლის ღამეს, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - "სმარტის" ავტომანქანა ბორდიურიდან რკინის კონსტრუქციას დაეჯახა და 5 მეტრის სიღრმის თხრილში გადავარდა. ავტომანქანა ამობრუნდა, თუმცა, საბედნიეროდ, კეთილი ადამიანების შემწეობით მძღოლი გადარჩა - ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურმა დაშავებულის უსაფრთხოება უზრუნველყო, პირველადი დახმარება აღმოუჩინა და გონსმოსული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ჩააბარა.
მომხდარის შესახებ "ამბები გე"-ს აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ცვლის უფროსის მოადგილე ნინო გოლაშვილი უყვება:
"3 თებერვლის ღამის მორიგეობაში ვიყავით, დაახლოებით 1-ლ საათზე, გარეთ საშინელი, ავისმომასწავებელი ხმაური გაისმა, ვერ მივხვდით, რა ხდებოდა და ჩემი თანამშრომლები სიტუაციის გასარკვევად გავუშვი. ადგილზე მისულებმა დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე გადავარდნილი მანქანა ნახეს. საელჩოს მოპირდაპირე მხარეს მშენებლობა მიმდინარეობს, ის შემოღობილია რკინის ბადით და აღმოჩნდა, რომ მძღოლი მას დაჯახებია, ღობის ფრაგმენტი (მყარი კონსტრუქციაა) გარღვეული იყო და იქიდან გადავარდნილა. როცა გადმომცეს, რომ დახმარება სჭირდებოდა, სამედიცინო ჩანთით ადგილზე მივედი და ვიდრე ადგილზე მოსული პატრული სასწრაფო დახმარებას გამოიძახებდა, შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინეთ.
რა და როგორ მოხდა, არ ვიცით, დაზარალებული მძღოლი შემთხვევაზე თვითონაც ვერ ჰყვებოდა, ვკითხეთ, რა მოხდა, მაგრამ არაფერი ახსოვდა. ეს იყო პატარა ავტომანქანა "სმარტი", რომელიც ორმოში ჩავარდნის შემდეგ გადაბრუნებულა. მძღოლი მანქანიდან თავისით გადმოვიდა, ჰქონდა დაზიანებები და იყო შოკურ მდგომარეობაში. ის ჩვენმა ნამშრომლებმა ამოიყვანეს.
მძღოლი პატარა ბიჭი იყო, ადვილი შესაძლებელია, გადაღლილიც იყო ან ჩაეძინა და ეს უბედურებაც შეემთხვა, ვერაფერს გეტყვით, გამორიცხულია, ვინმე დაჯახებოდა. ახალგაზრდამ გვითხრა, რომ ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის კურიერი იყო. გაგვიმართლა, რომ ადამიანი გადარჩა, თორემ სანახაობა საკმაოდ რთული იყო და ემოციების გარეშე ახლაც ვერ ვსაუბრობ.
იმ მხრივაც გაგვიმართლა, რომ მთელი სტაფი გადამზადებულები ვართ კონკრეტულად ასეთი შემთხვევებისთვის - როგორ უნდა მოიქცე და რა სახის დახმარება გაუწიო უბედური შემთხვევის დროს დაშავებულ ადამიანს. სპეციალური სამედიცინო ტრენინგები ზუსტად ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გავიარეთ და ჩემმა კოლეგებმა ახალგაზრდას ერთად აღმოვუჩინეთ პირველადი სამედიცინო დახმარება, გავაკეთეთ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელი იყო", - აღნიშნა გოლაშვილმა.
წყარო: "ამბები.ჯი"

