რეზონანსი
21.03.2023

ჩინეთი ცდილობს, რომ ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში გრავიტაციის ცენტრი გახდეს - ველოდები, რომ გაჟღერებული იქნება რაღაც ისეთი ხარისხის წინადადებები სამშვიდობო გარიგებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, ჩინეთისთვის კი რაღაც მანევრისთვის სივრცე იქნება მომავალში , - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) წევრმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ მან ის ფაქტი შეაფასა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა მოსკოვშია, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კი უკრაინაში.

როგორც ვალერი ჩეჩელაშვილი განმარტავს, ჩინეთი ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. ამასთან, როგორც ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, ჩინეთმა იცის, რომ დღევანდელ პუტინთან ერთად ვერანაირი გრავიტაციის ცენტრი ვერ გახდება.

„ჩინეთი ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და არა სხვისი ინტერესებით. ჩინეთის ინტერესები დღეს დასავლეთის ბაზრებშია ინვესტირებული, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობებში. ჩინეთის ეკონომიკური ინტერესები ამ ბაზრებშია.

ჩინეთი ცდილობს, რომ ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ კონტექსტში გრავიტაციის ცენტრი გახდეს.

რა თქმა უნდა, იმან იცის, რომ დღევანდელ პუტინთან ერთად ვერანაირი გრავიტაციის ცენტრი ვერ გახდება, ამასთან ერთად, მას უნდა, რომ თავისი ადგილი დაიკავოს ამ პროცესში. მე ველოდები, რომ გაჟღერებული იქნება რაღაც ისეთი ხარისხის წინადადებები სამშვიდობო გარიგებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ უარყოფს ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, ჩინეთისთვის კი რაღაც მანევრისთვის სივრცე იქნება მომავალში", - აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ამასთან, ის განმარტავს, რომ რუსეთს „ფრონტზე უჭირს და ესაჭიროება პაუზა, რათა რესურსები გადაალაგოს".

„ორივე მხარეს აქვს საკუთარი წითელი ხაზები, რომელიც რადიკალურად არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩინეთის წინადადებები არის რაღაც პრინციპების ნაკრები, რომლის ნაწილი ძალიან სიამოვნებს უკრაინას, რომ მოისმინოს, მეორე ნაწილი კი ძალიან სიამოვნებს რუსეთს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, იმიტომ, რომ რუსეთს აშკარად უჭირს ფრონტზე, ესაჭიროება პაუზა, რომ რესურსები გადაალაგოს" ,- აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი.

მან საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიას არ გაღიზიანების პოლიტიკით ვერ მივიღებთ".

„ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანამოქალაქეების რეინტეგრირება საქართველოს სახელმწიფოებრივ სივრცეში. ჩვენ უბრალოდ მშვიდობა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობა. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკების კონტექსტში არ გაღიზიანების პოლიტიკით ამ გარანტიებს მივიღებთ, ძალიან უხეში შეცდომაა.

რუსეთი იმით კი არ ხელმძღვანელობს, ვინ რა პოლიტიკას ატარებს მის მიმართ, არამედ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამოდის. ერთადერთი გარანტია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა არის ის, რომ რუსეთს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შეტევა საქართველოზე არის დაკავშირებული ძალიან დიდ ხიფათებთან და რისკებთან რუსეთისთვის. ეს იქნება მაშინ, როდესაც სრულად ვიქნებით ინტეგრირებული პოლიტიკაში სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ იმ ხერხით და იმ პოლიტიკით, რასაც დღეს ქართული მთავრობა აწარმოებს, არ არის ამის გარანტი",- აღნიშნავს ვალერი ჩეჩელაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×