რეზონანსი
21.03.2023

ჩინეთის ლიდერისგან კრემლს ეკონომიკური პროექტების გარდა იარაღის მიწოდება აინტერესებს, თან რაც შეიძლება ბევრის, თუმცა საჯაროდ ამაზე არაფერი თქმულა.

მოსკოვში ვიზიტად მყოფი ჩინეთის ლიდერი, მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივასა და მის მიერ წარმოდგენილ გეგმაზე საუბრობს. სინ ძინ პინი პირველი ლიდერია, ვინც ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შემდეგ, ხელს ართმევს და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ელაპარაკება.

ცოტა ხნის წინ, ორი ლიდერის ერთობლივი პრესკონფერენცია დასრულდა, რომლის შემდეგადაც მედიამ მხოლოდ ის გაიგო, რომ ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ახალი ეპოქა იწყება.

პრესკონფერენცია პუტინმა ტრადიციულად დასავლური ქვეყნების კრიტიკისთვის გამოიყენა და ოფიციალურ ლონდონს ბრალი დასდო, რომ ის კიევს ურანის შემადგენლობის მქონე საარტილერიო ჭურვებს აწვდის.

"რა თქმა უნდა, ვერ ავუარეთ გვერდი უკრაინაში არსებულ სიტუაციას. უნდა ითქვას,რომ ჩინეთის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა ეხმიანება რუსულ ხედვებს და ის შეიძლება გამოვიყენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საფუძვლად, როდესაც ამისათვის მზად იქნება დასავლეთი და კიევი - თუმცა ჯერ ასეთი მზაობა არ შეგვიმჩნევია. მეტიც, ვიდრე მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმსჯელობდით, შევიტყვეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა მიაწოდოს უკრაინას არა მხოლოდ ტანკები, არამედ საარტილერიო ჭურვები ურანის შემადგენლობით. როგორც ჩანს დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა ეომოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე, არა სიტყვით, არამედ საქმით. მსურს აღვნიშნო, რომ თუ ეს ასე მოხდება, რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, რადგან კოლექტიური დასავლეთი უკვე იყენებს იარაღს ბირთვული კომპონენტით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ახორციელებენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას,"- აცხადებს პუტინი.

"ჩინეთი და რუსეთი, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კვლავ დაჟინებით მოითხოვენ გაეროს წესდების დაცვას. ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად ცნობილია. მსურს ხაზი გავუსვა,რომ ამ საკითხში ჩვენ ვხელმძღვანელობთ გაეროს წესდებებით და მიუკერძოებელი, ობიექტური მიდგომების ერთგულები ვრჩებით. ჩვენი პოზიცია თავად საკითხის არსიდან და სიმართლიდან გამომდინარეობას. ჩვენ ყოველთვის მშვიდობასა და დიალოგის მომხრეები ვართ,"- ამის შესახებ კი ჩინეთის ლიდერმა განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×