რეზონანსი
21.03.2023

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი რუხაძის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის მოსკოვში დასუსტებული პუტინი დახვდა და ჩინეთის პრეზიდენტი შეეცდება ვიზიტიდან მაქსიმალური წაიღოს.

როგორც რუხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში, „პოლიტიკური სივრცე" ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ჩასვლასთან და უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის როლთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს.

„ჩინეთი ყოველთვის თავის საქმეს აკეთებს. ჩინეთის საქმეა, რომ მისი გავლენა გაიზარდოს. პრეზიდენტი სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს. სის დასუსტებული პუტინი დახვდა და პრეზიდენტი სი შეეცდება, ამ ვიზიტიდან მაქსიმალური წამოიღოს და თავისი გავლენები გააფართოოს.

ჩინეთი შეეცდება დასუსტებული რუსეთის ხარჯზე გაიფართოოს გავლენები და ეკონომიკური სარგებელიც მიიღოს. პუტინი არ არის იმ პირობებში, რომ რამე უკარნახოს ჩინეთის პრეზიდენტს", - განაცხადა რუხაძემ.

გარდა ამისა, ექსპერტმა ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებები მიანიშნებს, თუ რომელ მხარეს არიან.

მისივე თქმით, საქართველოს დღეს „რუსული ხელისუფლება" ჰყავს, რომელიც ცდილობს თქვას, რომ ვლადიმერ პუტინი დამნაშავე არ არის.

„იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება ხმამაღლა ლაპარაკობდეს, რომ მარტო უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დამნაშავე კი არ არის, არამედ საქართველოში ბავშვების გაწყვეტაში და დახოცვაშია დამნაშავე. ეს არის სამარცხვინო.

ის განცხადებები, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, არანაირი გამართლება არ აქვს. კობახიძის და ღარიბაშვილის განცხადებები არის სამარცხვინო. საქართველოს დღეს, სამწუხაროდ, რუსული ხელისუფლება ჰყავს, შესაბამისად რუსული ხელისუფლება ცდილობს თქვას, რომ პუტინი დამნაშავე არ არის.

ჰააგის სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ ძებნილი და ეჭვმიტანილი მართავს ქვეყანას. შესაბამისად, თუკი შენ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღიარებ, მაშინ უნდა თქვა. დღეს პუტინი არის კეთროვანი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×