
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორი პირი - 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან - ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 000 ლარს", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტით, ასევე, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.