რეზონანსი
22.03.2023

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის" განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

როგორც ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაცია არის დაგეგმილი და ხვალიდან ოჯახთან ერთად ეფექტურ მექანიზმს მიმართავენ.

„ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით რამე განცხადების გაკეთებისგან. დღეს, კლინიკა „ვივამედმა" გაავრცელა განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია - მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაციაა დაგეგმილი. არ მგონია, რომ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი. ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დღეს საღამოს მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა.

„ჩვენ, ბოლო ერთი თვე, გარკვეული საკითხების გამო ჩუმად ვიყავით, მაგრამ, ხვალიდან მოგვიწევს სხვანაირ რეჟიმში გადართვა და მუშაობა. ჩვენ გვაქვს ბერკეტები, მე არ მინდა წინასწარ ამის შესახებ განცხადება გავაკეთო და მოწინააღმდეგე მხარე ამას მომზადებული შეხვდეს. ხვალიდან ამ ბერკეტებს ავამოქმედებთ.

საფრთხეები რეალურია, შეიძლება დღეს საღამოსაც მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. ორი ვარიანტია: რუსეთიდან მიიღეს დავალება, რომ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს საპყრობილეში ან „ვივამედს" უნდა ხელების დაბანა და სააკაშვილის მოშორება. დილიდან ჩვენ მივმართავთ სხვა ეფექტურ მექანიზმს", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი" აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს".

„ვივამედის" განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×