რეზონანსი
23.03.2023

დადასტურდა, რომ არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულების ბრალეულობა დადასტურდება.

„დღეს პირველი არსებითი სხდომა გაიმართება აღნიშნულ საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოთქვამს შესავალ სიტყვას. ჩვენ შესავალ სიტყვაში მიმოვიხილავთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელსაც ეყრდნობა ბრალდება და მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობა. შესაბამისად, აღნიშნული სხდომა დაეთმობა შესავალი სიტყვების წარმოთქმას.

როგორც მოგეხსენებათ, საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა საკმაოდ ამომწურავად ჩატარდა. აღნიშნული ექსპერტიზა, ყველა საკითხს შეეხო, ყველა კითხვას გასცა პასუხი, თუმცა აღნიშნულით პირდაპირ დადასტურდა „გრინსერვის პლუსის" და სხვა ბრალდებულების ბრალეულობა. კერძოდ, დადასტურდა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ, არ იყო გათვალისწინებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გათვალისწინებული ნორმები და შესაბამისად, ამ ნორმების დაუცველობამ გამოიწვია დამდგარი შედეგი. შესაბამისად, რაიმე ახალ ისეთ მტკიცებულებას, რაც ბრალეულობას გამორიცხავს, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებით დაცვის მხარისგან და ბუნებრივია, ვერც წარმოადგენენ იმიტომ, რომ ექსპერტიზა უკვე დასრულებულია.

დაცვის მხარესაც ექსპერტიზა დანიშნული აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ჩვენი ექსპერტიზაც აღნიშნულ ბიუროში ჩატარდა და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ რაიმე წინააღმდეგობა იყოს ორი ექსპერტიზის დასკვნას შორის. როგორც გითხარით, ექსპერტიზა საკმაოდ ამომწურავი კითხვებით ჩატარდა, ყველა კითხვას გაეცა პასუხი და ამ ექსპერტიზებით დადასტურდა ბრალდებულების ბრალეულობა",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×