რეზონანსი
27.03.2023

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, საქართველოში არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, ვიდრე მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ

როგორც შაშკინმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შტაბის მუშაობაზე საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ამოქმედება, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში ძილის რეჟიმში იყო.

„პარტიას, სამწუხაროდ ამოქმედება სჭირდება, იმ ძილის შემდეგ, რაც პარტია იმყოფებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ახლა, პარტიის სტრუქტურა ამუშავდა და სჭირდება დრო, იმისათვის, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყოს ამოქმედებული მთელი თავისი ძალით", - აღნიშნა შაშკინმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა 9 აპრილის აქციაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა დაყენებული, შაშკინი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი საკითხი ევროკავშირმა დააყენა, როდესაც საქართველოს 12 - პუნქტიანი მოთხოვნა შესთავაზა.

„ეს არ არის ევროკავშირის ულტიმატუმი. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო და როგორც თვითონ ამბობენ, დაიწყეს ამ მოთხოვნების შესრულება. ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი არის პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. საქართველოში, არანაირი რუტინული ცხოვრება არ იქნება, მანამ სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ.

9 აპრილის აქცია ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობა ვაიძულოთ დააკმაყოფილოს აღებული ვალდებულებები. თქვენ აიღეთ ეს ვალდებულებები და ახლა ნება იბოძეთ და შეასრულეთ ეს ვალდებულებები!", - განაცხადა შაშკინმა.

კითხვაზე, თუკი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება განთავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობა" 12 პუნქტის შესრულებაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, შაშკინის თქმით, ოპოზიციამ ქართველი ხალხის ძალა უნდა გამოიყენოს, იმისათვის, რომ „ქართულ ოცნება" აიძულონ შეასრულოს 12- პუნქტიანი გეგმა.

„12 - პუნქტიანი გეგმის შესრულების ვალდებულება იყო აღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ. არავის დაუძალებია და არავის დაუყენებია ულტიმატუმები. ერთ-ერთი ვალდებულება არის პოლიტიკური სივრცის დეპოლარიზაცია. ეს ეხება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას.

დემოკრატიულ ქვეყანას ახასიათებს, რომ ან მთავრობა აკეთებს იმას, რაც ხალხს უნდა, ან ხალხი ცვლის მთავრობას, ეს არის დემოკრატიის პრინციპი.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ქართველი ხალხის ძალა, იმისათვის, რომ „რუსული ოცნება" ვაიძულოთ შეასრულოს აღებული ვალდებულება. სხვა მექანიზმი ჩვენ არ გაგვაჩნია",- განაცხადა შაშკინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×