რეზონანსი
28.03.2023

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 3 პირი დამნაშავედ ცნო. მათგან ერთს, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს, 14 წლის ვადით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ორს, ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულებს, სასამართლომ 3 წლით და 6 თვით და 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქმე ეხება 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ მკვლელობას. პროკურატურის ინფორმაციით, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე, გამოძიებამ დაადგინა მირიან კუკავას განზრახ მკვლელობამდე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე სხვა პირები, რომლებმაც მირიან კუკავას და მის მეგობრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენისთვის ბრალდებული სხვა პირების საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.

შეგახსენებთ, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 8 პირი დააკავეს, მათგან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავებოდა, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×