რეზონანსი
28.03.2023

პირი, რომლის მიმართაც საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ყაზახეთის მოქალაქე ლადო ოხოტნიკოვია.

"კურიერი" აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანილი პირის საქმიანობის შესახებ, ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა. ყაზახი მამაკაცი წლების განმავლობაში თაღლითური კრიპტო სქემით ათასობით ადამიანს ატყუებდა. ოფიციალური ბრალდების თანახმად, ოხოტნიკოვმა კიდევ 10 ბრალდებულთან ერთად 2 წლის წინ ყალბი კრიპტო პირამიდის სქემა შექმნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებლებს კი ელექტრონულ ფულში ინვესტიციებს ადებინებდა.

ლადო ოხოტნიკოვს თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში საცხოვრებელ კომპლექს "ნამაი ვაკეში" 425 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს აუზით და ამავე კომპლექსში მდებარე ოთხ ავტოსადგომს ფლობს.

საქართველოს პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო.

"გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულის საკუთრებაში არსებული 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ჯამში 590 კვ. მ საცხოვრებელი ბინები, 5 ავტოსადგომი და „LEXUS" მარკის ავტომანქანა, რითაც ბრალდებულს არ მიეცა ქონებების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×