
ჩვენს პარტნიორებს „ქართული ოცნების" რუსული თამაშები უკვე კისერში აქვთ ამოსული - დიპლომატიურ ენასაც აღარ იყენებენ და უკვე პირდაპირ ეუბნებიან, რომ შეწყვიტე საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, გაათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტე , - ასე შეაფასა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია.
ჩიხლაძისთვის გაუგებარია, საქართველოს პარტნიორებმა მმართველ პარტიას სათქმელი სხვაგვარად როგორ უნდა უთხრან, რომ მათ ეს გაიგონ.
„კიდევ ერთი უმწვავესი რეზოლუცია ევროპული პარტიის მიერ კონგრესზე მიღებული იქნა. როგორც ჩანს, ჩვენს პარტნიორებს უკვე კისერში აქვთ ამოსული „ქართული ოცნების" რუსული თამაშები, უკვე პირდაპირ ეუბნებიან და დიპლომატიურ ენასაც აღარ იყენებენ, რომ შეწყვიტე საბოტაჟი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, გათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და რუსეთთან ფლირტი შეწყვიტე. ამაზე მეტი რაღა უნდა დაუწერონ და მოუწოდონ. სხვათა შორის ტექსტის განხილვის და შესწორებების დროს კიდევ უფრო სიტყვები დამძიმდა, ვიდრე თავდაპირველი ტექსტი იყო. ჩვენმა მეგობარმა პარტნიორებმა თვითონ კიდევ უფრო გაამძაფრეს ტექსტის შინაარსი. მგონი, ყველაფერი ნათელია", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.