რეზონანსი
02.06.2023

პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჩვენ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების დეტალებში არ შევდივართ და მათ კომენტირებას არ ვაკეთებთ მიუხედავად იმის, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მათი განცხადებების ნარატივი ქვეყნის შიგნით არსებული დესტრუქციული ძალების ნარატივს ემთხვევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა, სპეკულირების საფუძველი მივცე ჩვენი ქვეყნის სხვა არაკეთილმოსურნე ადამიანებს".

ჩიქოვანის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსისთვის ემზადება, რეფორმებს ატარებს და ამ ვითარებაში ზელენსკის მხრიდან გაკეთებული განცხადება ადეკვატური არ არის.

„ჩვენ ამ დებატში არ შევდივართ. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, უკრაინაში იყოს მშვიდობა, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და მთლიანად რეგიონში იყოს მშვიდობა. შეფასებები, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან გაკეთდა იმ ვითარების ადეკვატური არ იყო, რა ვითარებაც ჩვენს ქვეყანაშია. ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება, უზარმაზარ რეფორმებს ატარებს და ზელენსკის განცხადება იმ ვითარების შესაბამისი არ იყო, რაც დღეს ქვეყანაშია", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×