იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ქართველმა ფეხბურთელმა 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.
კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად.
სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).
გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.