რეზონანსი
06.06.2023

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა მისი ბრატისლავაში გაკეთებული განცხადება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისმა კომენტარმა აჟიოტაჟი გამოიწვია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან თქვა, რომ ამ დიდი ომის ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი, იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ნატო-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტმაც იგივე გაიმეორეს, თუმცა მათ არავინ აკრიტიკებს.

"ბრატისლავაში ჩემმა განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. მე ვთქვი, რომ უკრაინაში მიმდინარე ამ დიდი ომის ერთ-ერთი მიზეზი, და არა ერთადერთი, იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო და გახდეს ნატო-ს წევრი. ამის შემდეგ ვახსენე, რომ არ მინდოდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებების ციტირება. აქვე, მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით და მანაც თქვა, რომ ამ ომის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას ევროპული ოჯახის წევრობა სურს. პრეზიდენტმა მაკრონმაც გაიმეორა იგივე და მეტიც, მან თქვა, რომ უკრაინასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე მიეცათ, რამაც რუსეთის აგრესია გამოიწვია.

მინდა ვკითხო ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ მაკრონისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს?

ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს ჩვენი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს. მე ვერ ვხსნი, რატომ უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, ექსპერტი თუ ყოფილი პოლიტიკოსი დაინტერესებული ასეთი არასწორი ინტერპრეტაციებით.

დღეს ქვეყანას ნატოსთან სრულიად თავსებადი ჯარი ჰყავს. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ საერთაშორისო მისიებში, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს, შარშან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაშინ, როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო ოპოზიციასა და საქართველოს მოქალაქეებს არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. ამაში ჩანს, როგორ არ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

გუშინ თუ გუშინწინ პრეზიდენტ ზელენსკისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ ევროპისგან რეალური დაპირებები არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს იმისა, რომ ვილნიუსის სამიტს დაესწროს. თქვენ სიუჟეტები ამაზე უნდა გააკეთოთ და არა ყალბ, მოგონილ ამბებზე.

ამ რთულ სიტუაციაში, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა ჩვენი ქვეყნის გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაზე უნდა იფიქროს. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა თუ გარე მტრის სურვილებისა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×