რეზონანსი
06.06.2023

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა, ის არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

" მე არ ვიზიარებ ამ განცხადებას. „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნებისთვის" შესანიშნავი სამიზნეა. „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" შექმნილი პოლიტიკური ველი, რომელიც ორპოლუსიან ველს გულისხმობს, აბსოლუტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას".

ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა", ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების" დამარცხების გასაღები.

ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ ეს ორპოლუსიანობა დაამსხვრიოს, იმუშაოს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს, რომ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას". გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის ელექტორატზე იმუშაოს, ეს მათი პრობლემაა. ის გაერთიანება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობით, არამედ მიმართული იქნება, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციური მმართველობით შეიცვალოს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „ქართულ ოცნებას" რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ გადაეხია, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

„ქართულმა ოცნებამ" გადახია დოკუმენტი, რომლის უკანაც ევროკავშირი იდგა, ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმება. ეს არის ძალა, რომელმაც თავისივე ხელმოწერილი შეთანხმება გადახია. როგორ შეიძლება ასეთი ძალის მიმართ იყო ნდობა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან? ამიტომაც არის, რომ მოლდოვას და უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი და რეკომენდაციები მიაყოლეს, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ჯერ რეკომენდაციების მისცეს და უთხრეს, რომ თუ შეასრულებთ შემდეგ მიიღებთ სტატუს. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს. ეს ამ ხელისუფლების გამოა, არავის ბრალია.

დღეს, ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა, „ქართული ოცნება" ისე რომ არ მოქცეულიყო, როგორც მოექცა ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებულ დოკუმენტს.

როდესაც ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებულ დოკუმენტს გადახევ და ფეხქვეშ გათელავ, როგორი დამოკიდებულება ექნებათ შენს პარტნიორ ქვეყნებს შენდამი? რა თქმა უნდა, სრული უნდობლობა. ამ მმართველი ძალის მიმართ სრული უნდობლობაა",- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×