რეზონანსი
07.06.2023

პრეზიდენტს აქვს მცდელობა, თავისი გადაწყვეტილებები ოპოზიციას მოაწონოს. „ქართულ ოცნებას" სწორი დამოკიდებულება აქვს ჩიხიდან გამოსასვლელად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ შეაფასა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება, სადაც ნათქვამია: „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. ვერ დავუშვებთ ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში".

სარჯველაძის თქმით, ხელოვნურად იქმნება ჩიხები, რასაც დაძლევა სჭირდება.

„კარგი იქნებოდა, თუ მოხერხდებოდა შეთანხმება და ნორმალურ, გონივრულ რეზულტატამდე მივიდოდით. კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი ყოფილიყო სრულად დაკომპლექტებულიყო ის სტრუქტურები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ვერ მივიღეთ, ვერ მივაღწიეთ შედეგს ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, არსებობს კიდევ სხვა წინაღობები, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტის ტაქტიკას თუ სტრატეგიას. მას აშკარად აქვს მცდელობა, თავისი გადაწყვეტილებები ოპოზიციას მოაწონოს. პრეზიდენტი მხოლოდ ამ კრიტერიუმით როცა ხელმძღვანელობს, ძალიან ძნელი ხდება, მათ შორის ისეთი რისკების დაზღვევა, რომელიც სახელმწიფო აპარატის გამართულ ფუნქციონირებას შეიძლება, უკავშირდებოდეს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური, სამართლიანი და პასუხისმგებლიანია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. ეს სწორი დამოკიდებულებაა ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც არაერთი მიმართულებითაა შექმნილი. გავიხსენოთ ცესკო, გავიხსენით შემთხვევები კონკრეტული დიპლომატების დანიშვნასთან დაკავშირებით, ახლა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. ყველასთვის ნათელია, რომ ხელოვნურად იქმნება ჩიხები. შესაბამისად, ამას სჭირდება დაძლევა, რათა სახელმწიფო გამართულად ფუნქციონირებდეს. სხვაგვარად ეს პრობლემას უქმნის, მათ შორის ფინანსურ სტაბილურობას. ცესკო-ს შემთხვევაში პრეზიდენტმა თვითონვე თქვა, რომ კონკურსში მონაწილეთაგან უპირატესობას ანიჭებს კალანდარიშვილის კანდიდატურას. ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც მოგვიანებით მას გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია იყო ის, რომ ოპოზიცია არ თანხმდებოდა ამ კანდიდატურას. თავად ამბობდა, რომ უკეთეს კანდიდატზე მარტო იმიტომ ამბობს უარს, რომ ოპოზიცია მას არ ეთანხმება. ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით სრული კარტ ბლანში ეძლეოდა ოპოზიციას. ასეთი დამოკიდებულება აფართოებს შესაძლებლობას ოპოზიციისთვის, საბოტაჟი გაცილებით „წარმატებულად" განახორციელონ. სამწუხაროდ, კვალიფიციურ უმრავლესობას ოპოზიცია იყენებს არა კეთილსინდისიერად, რათა ფართო კონსენსუსი შედგეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ულტიმატუმების წამოსაყენებლად. ეს განსხვავდება ნამდვილი, ლეგიტიმური მიზნისგან, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს იმ ნორმებს, რომლებიც გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით მიღებას ითვალისწინებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×