რეზონანსი
07.06.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე უკვე აქვს ევროპული პერსპექტივა. აღარ არსებობს კითხვები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც ბევრი თაობა ოცნებობდა და იბრძოდა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას.

„ამჟამად, საქართველოს ევროკავშირის გზაზე უკვე აქვს ევროპული პერსპექტივა. აღარ არსებობს კითხვები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაზეც ბევრი თაობა ოცნებობდა და იბრძოდა.

ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ 12 პრიორიტეტს, რათა მოგვენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა თითქმის ერთი წლის წინ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე. განხორციელების ძალიან ინტენსიური, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის ფარგლებში, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთო, ჩვენ შევასრულეთ პრიორიტეტების თითქმის 80%. ჩვენ ეს გავაკეთეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან და, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირთან მჭიდრო თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს ამ პროგრესს, ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე და გრძელვადიან ფუნდამენტს.

2023 წლის 19 აპრილს ევროკავშირს გადავეცით ჩვენი პირველი ანგარიში ევროკომისიის გაფართოების პაკეტისთვის, რომელიც ამა წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. დოკუმენტი წარმოაჩენს წინა წლის განმავლობაში შესრულებულ დიდ სამუშაოს და აღწერს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, კონკურენციის, საჯარო შესყიდვების, ფინანსური სერვისების, შრომითი რეგულაციების, კანონის უზენაესობის, მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის, მედიის თავისუფლების, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესს.

ვიმედოვნებთ, საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. მნიშვნელოვანია, აღარ მოხდეს საქართველოს განცალკევება ასოცირებული ტრიოს სხვა პარტნიორებისგან. 2023 წლის იანვარში ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მოწმობს საქართველოს არსებით პროგრესს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მხრივ თითქმის ყველა სექტორში.დოკუმენტი ადასტურებს, რომ საქართველო ლიდერია ასოცირებულ ტრიოს შორის და რომ უკვე ერთი წლის წინ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ისტორიის ეს თავი უკვე დავხურეთ და როგორც მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, გულმოდგინებით, შრომისმოყვარეობითა და იმედით ვიკვალავთ მომავლის გზას. შედეგად, ქართველი ხალხი და მთავრობა მოელის, რომ წელს საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. აგრეთვე, მოველით, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და სტიმულს მისცემს რეგიონის სხვა ქვეყნებს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×