რეზონანსი
07.06.2023

ჩუტყვავილა არის, ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი - ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი - ჩვეულებრივ, ერთი წელია მატების პერიოდი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევები ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩუტყვავილა მძვინვარებს, ტყუილია. ჩუტყვავილა პერიოდულად მატულობს ხოლმე. არის წლები, როცა ბევრია, არის წლები, როცა ცოტაა. ახლა ჩუტყვავილას მატების პერიოდში ვართ. ჩუტყვავილა დიდებში უფრო რთულად მიმდინარეობს, ხოლო ბავშვებში, საბედნიეროდ მსუბუქად გვხვდება. ეს შეიძლება ერთი წელიწადი გაგრძელდეს. ჩუტყვავილას სეზონურობა კი არ აქვს - ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი მოიმატებს ძალიან, მერე ერთი-ორი წელიწადი ნაკლები შეიძლება იყოს. ეს არის ჩუტყვავილას ეპიდემია. ჩუტყვავილა არის, ბევრია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩუტყვავილა ყოველ მესამე წელიწადს არის ხოლმე ძალიან ბევრი. ჩვეულებრივ ერთი წელია მატების პერიოდი.

ჩუტყვავილას აცრას რომ დაიწყებ, თუ პირველივე წელიწადს 80% არ აცერი, ვისაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვს, ავადობა პატარა ბავშვებიდან მოზრდილებში გადაინაცვლებს. ამის გამო მეტი მსხვერპლი იქნება, რადგან იქ მძიმედ მიმდინარეობს. ჩვეულებრივ ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩუტყვავილას გადაიტანს. გართულება იმ შემთხვევაში ხდება, თუ ბავშვი არის იმუნოდეფიციტური. ამიტომ ჩუტყვავილას პროფილაქტიკა, აცრები რომ დავიწყოთ, თუ ყველა არ ავცერით, მაშინ ჩუტყვავილა გადაინაცვლებს იმ პირებში, ვისაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვს, იქ კი უკვე ძალიან მძიმე შედეგები გვექნება.

საქართველოში როგორია ვაქცინის პროცესი? - პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია დაწყებული გვაქვს, მაგრამ ხალხი არ იცრება, ამიტომ ადვილი არ არის. ვინც არ იცის და ამბობს, რომ რატომ არ არის ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არის, ჩვენთანაც არის, ოღონდ მარტო კერძო სექტორში.

ბავშვებში ძალიან იშვიათობაა მძიმედ მიმდინარე ჩუტყვავილა. მოზრდილებში შეიძლება მძიმედ წავიდეს, ამიტომ ექიმთან დროულად მიმართვაა საჭირო, რომ ანტივირუსული პრეპარატები დაინიშნოს. საბედნიეროდ, ასეთი პაციენტები უკიდურესად იშვიათია", - განაცხადა იმნაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×