"ბავშვები იყვნენ კიბესთან და უფროსი გოგონა იძახდა, მამა არ გაპატიებო. მე მეგონა მეუღლეს ხელით შეეხო, ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, პოლიციაც და ბავშვებს აწყნარებდნენ" - ამბობს დოლიძის ქუჩის მცხოვრები, რომელიც გასულ ღამეს მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრობს.
მისი ინფორმაციით, დედის მკვლელობას არასრულწლოვანი შვილები შეესწრნენ. მოკლული ქალი, ვერიკო ქუმსიაშვილი დოლიძის 27-ე კორპუსში დედასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა.
მკვლელობა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გასულ ღამეს მოხდა. კრიმინალური პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა, გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დანაშაული ახალგაზრდა მამაკაცმა ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაიდინა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის თვითმხილველია კიდევ ერთი სრულწლოვანი პირი, რომელიც მომხდარის დროს აბაზანაში ჩაიკეტა.
სავარაუდო დამნაშავე ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით ჩაიდინა, საქმეს კი სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.