
ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს.
როგორც რუსი სამხედროების ტელეგრამ არხზეა აღნიშნული, „ამ ეტაპზე, ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩააბარეს 800 ერთეული საბრძოლო იარაღი, ყუმბარები, ნაღმმტყორცნები, ანტისატანკო რაკეტები და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი."
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარებისა და პოზიციების დატოვების პროცესი, ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია განიარაღებას 20 სექტემბერს დათანხმდა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო.