რეზონანსი
23.09.2023

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ასეთი ტიპის დაძაბული ურთიერთობები, დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლები არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. „გულწრფელად გეუბნებით, დაზუსტებით არ ვიცი გლდანში რა მოხდა. ვის რა როლი ჰქონდა, ვინ როგორ მონაწილეობდა და რას აკეთებდა - არ ვიცი. რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, რაც არ უნდა იყოს შინაარსი და მიზეზი, ძალადობა და ამ ფორმის ურთიერთობა რა თქმა უნდა მიუღებელია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. გლდანში გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას" აკისრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×