
ჩვენთვის მათი [პრეზიდენტის წარმომადგენლების] პოზიცია არ იყო ცნობილი, რადგან აქამდე არც წერილობით ჰქონდათ წარმოდგენილი და რა საფუძვლებს დაეფუძნებოდა მათი პოზიცია, არ ვიცოდით და ახლა გაჟღერდა, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.
„მე მართლა არ მეგონა, თუ ასეთი სუსტი პოზიცია ექნებოდა პრეზიდენტის წარმომადგენლობას - ფაქტობრივად, მათ თავიანთი პოზიციით თავდაყირა დააყენეს კონსტიტუციის სულისკვეთება და კონსტიტუციური მართლწესრიგი. ის სამართლებრივი განმარტებები, რომლებიც მათ გააკეთეს, სრულიად არარელევანტურია და ვერანაირად ვერ შეესაბამება კონსტიტუციურ სულისკვეთებას ", - აღნიშნა კახიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება.